ნორვეგიის უშიშროების სამსახურმა დააკავა 3 ადამიანი, რომლებსაც ოსლოში ტერორისტული აქტის მოწყობა ჰქონდათ განზრახული. ამის შესახებ ნორვეგიის შესაბამის სტრუქტურებზე დაყრდნობით "ბი-ბი-სი" იუწყება.
ნორვეგიის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის, იენ კრისტიანსენის განცხადებით, დაკავებულთაგან ორი - ნორვეგიაში, ხოლო ერთი - გერმანიაში აიყვანეს. მისივე თქმით, დაკავებულები ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდას წევრები არიან. დადგენილია ტერორისტების ეროვნებაც - ჩინელი, უზბეკი და ერაყელი.
ნორვეგიის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელისვე განცხადებით, დაკავებულებს სავარაუდოდ კავშირი ჰქონდათ იმ ალ-ქაიდას ტერორისტებთან, რომლებიც თავის დროზე ნიუ-იორკსა და მანჩესტერში ტერორისტული აქტის ორგანიზებას გეგმავდნენ.
ცნობისათვის, ნორვეგიის პოლიცია, აღნიშნული დაკავების ოპერაციაზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა.
"ბი-ბი-სის" სამხედრო ექსპერტების განცხადებით, ალ-ქაიდამ ნორვეგიაში ტერორისტული აქტის განხორციელება იმის გამო გადაწყვიტა, რომ ამ ქვეყნის საჯარისო შენაერთები ავღანეთის სამხედრო მისიაში აქტიურად მონაწილეობენ.