უკრაინაში, კიევში მომხდარი აფეთქების შედეგად, რომელსაც ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭრა, რუსლან პაპასკირი, მეტსახელად „ზონა“ გარდაიცვალა.
ცნობისთვის, რუსლან პაპასკირის გვარი რამდენიმე გახმაურებულ ინციდენტში ფიგურირებს. მათ შორის, 2012 წელს სტამბულში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ჩეჩნეთიდან თურქეთში არალეგალურად გადასული 6-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელსაც ქართველი რუსლან პაპასკირი ხელმძღვანელობდა.
ჯგუფის წევრებს ბრალი ედებოდათ სტამბულში რამდენიმე ჩეჩენი საველე მეთაურის მკვლელობაში. ჯგუფის ხელმძღვანელი სწორედ ქართველი რუსლან პაპასკირი, მეტსახელად "ზონა" და "აჩრდილი" იყო.
თურქული მედია მაშინ წერდა, რომ დაკავებულები, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურების მიერ ბერლინში შექმნილი ე.წ. სალიკვიდაციო ქსელის წევრები იყვნენ. მათივე ცნობით, პაპასკირის სახელი ასევე ფიგურირებდა 2011 წლის 10 ოქტომბერს თურქეთში ლტოლვილი ჩეჩენი მუფტის, ჩეჩნეთის შარიათის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, შამსუდინ ბატუკაევის მკვლელობის მცდელობის საქმეში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, პაპასკირი 2009 წელს "კავკასიის იმარათის" წარმომადგენლის ალი ოსაევის მკვლელობაშიც იყო გარეული.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ცნობით, პაპასკირის სახელი 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებითაც ფიგურირებდა. ერთ-ერთმა ვაჰაბიტმა მათთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ სპეცოპერაციის შესახებ ქართული მხარიდან სწორედ "ზონას" ჰქონდა ინფორმაცია. პაპასკირის სახელი ასევე ფიგურირებს 2010 წელს, თბილისში, ვაჟა-ფშაველაზე მომხდარ აფეთქებაშიც, სადაც, სავარაუდოდ, ამჯერად თავად პაპასკირის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა ის უკანასკნელი მხოლოდ მსუბუქად დაიჭრა.