„ამით კიდევ ერთხელ ჩანს, თუ რამდენად არაადეკვატურია ეს ქალბატონი, მას თვითნებური, დაუმორჩილებელი მოქმედებები აქვს“, - ასე ეხმაურება „ჯი-ეიჩ-ენ-თან“ საუბრისას დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია ცოტა ხნის წინ გასაჯაროვებულ ვიდეოს.
ვიდეოჩანაწერში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი საუბრობს, რომ შორენა თეთრუაშვილი პატრიარქრის ნაღვლის ბუშტის გერმანიიდან თბილისში წამოღებას დაჟინებით მოითხოვდა.
ჩანაწერით ასევე ირკვევა, რომ თეთრუაშვილმა გველის შხამი ოხანაშვილსაც სთხოვა.
„მეც ახლა გავიგე ამ ვიდეოს შესახებ, არც მიყურებია. თუმცა, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ სასამართლოში ამ თემაზე საუბარი ნამდვილად იყო. ამით დასტურდება მამა გიორგის ნათქვამი სიტყვები, როცა მან განაცხადა, რომ შორენა თეთრუაშვილმა გველის შხამი სთხოვა. პროკურატურა აცხადებდა, რომ დეკანოზმა ეს მოიგონა. აღმოჩნდა, რომ მამა გიორგის ამ ჩვენებით არავინ მოუტყუებია და შორენა თეთრუაშვილი გველის შხამს სხვებსაც, მათ შორის, სოსო ოხანაშვილსაც სთხოვდა“, - აცხადებს გიორგი ფანცუალაია.
შეგახსენებთ, რომ 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წელი მიუსაჯა.