რუსეთის ფედერაციამ პოლონეთს სმოლენსკთან მომხდარი ავიაკატასტროფის შესახებ მის ხელთ არსებული ყველა საგამოძიებო მასალა გადასცა. განცხადება ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა გააკეთა.
"უკვე გადასაცემიც კი არაფერი გვაქვს, ყველაფერი რისი გადაცემაც შეიძლებოდა უკვე გადავეცით", _ აცხადებს ივანოვი და აღნიშნავს, რომ საუბრების გაშიფრული ჩანაწერები ასევე უკვე გადაცემულია პოლონური მხარისათვის და მის მიერ გამოქვეყნებულია კიდეც. '"ყველაფრის გაგება უკვე არც თუ ისე რთულია", _ დასძენს ივანოვი.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ შავი ყუთის ჩანაწერები გრიფით "არ ექვემდებარება გახმაურებას" დაიბეჭდა პოლონურ პრესაში. პოლონეთის წამყვან ბეჭდურ მედიაში ასევე გამოქვეყნებულია "თვითმფრინავ "ტუ-154მ"-ის (საბორტო ნომერი 101) ეკიპაჟის საუბრების ტრანსკრიპცია". აღნიშნული დოკუმენტი სამენოვანია - რუსული, პოლონური და ინგლისური. მათივე ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ნათქვამი ბოლო სიტყვები იყო: "წასვლა მეორე წრეზე!" და გაურკვეველი სიტყვები პოლონურ ენაზე.