„მაგდას ერთი თვის წინ შევხვდი. პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა თუ არა, არ ვიცი“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ ქმარ-შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა პაპიძის დამ, ლანა პაპიძემ.
როგორც ის აღანიშნავს, შეხვედრაზე დას იმ ქონებრივ დავასთან დაკავშირებით ესაუბრა, რომელსაც მისი დედამთილი, დარეჯან მინდიკაური აწარმოებს.
„დედამთილი ქონებაზე რომ ედავება, ამაზე ვისაუბრეთ. მაშინ დედამთილს ახალი შეტანილი ჰქონდა სარჩელი. მაგდა გაღიზიანებული იყო, არასწორი ინფორმაცია რომ ვრცელდებოდა. მაშინ თეა სირაძე ახალი შეწყალებული იყო. მაგდას ვკითხე, საერთოდ შეწყალებაზე რა ხდება-მეთქი. 6 თვეში ერთხელ შეიძლება შეწყალებაზე დაწეროო, მითხრა“, - აცხადებს ლანა პაპიძე.
რაც შეეხება იმას, რომ პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვის შემთხვევაში მსჯავრდებულს დანაშაულის აღიარება და მონანიება უწევს, როგორც ლანა ამბობს, ამაზე არც უსაუბრიათ.
„აღიარებაზე, შეწყალებაზე არ გვისაუბრია. თეა სირაძის შეწყალებას მოჰყვა ეს საუბარი. არც უთქვამს, განცხადებას დავწერ, გავგზავნიო. თუმცა, თქვა, მაინც მე დამაბრალეს ჩემი ქმარ-შვილის მკვლელობაო, ტიროდა, განადგურებული იყო. ისე გამოვიდა, რომ რაღაც ზღაპრებს მაინც აბრალებენ, რომ ქმარი მოკლა, 6 საათი გვამი სახლში ჰყავდა ა.შ.
რას ჰქვია განცხადებას არ დაწერ, ქმარ-შვილის საფლავი, ჩვენ გელოდებით, რას ქვია ხელი ჩაიქნიო-მეთქი, ვუთხარი. მე ასეთი ვარ, დაცემას არასდროს შევეგუები და მით უმეტეს, მაგდას ყოველთვის წამოვაყენებ. განცხადება თუ დაწერილია, პროკურატურას ეს არ გამოეპარება. საპირფარეშოში როდის შევდივარ და გამოვდივარ, ესეც კი იციან. როცა ის ვნახე, ფიზიკურად ძალიან დასუსტებული იყო, ცუდად გამოიყურებოდა. მასთან პაემანი უახლოეს დღეებში გვიწევს და ალბათ, დედაჩემი შევა“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ ლანა პაპიძემ.
დღეს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მაგდა პაპიძემ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა.
შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძეს 2016 წლის 6 ივლისს, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილების მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა მიესაჯა.