პროკურატურა მამაკაცისთვის, რომელმაც 2 ქალი და 5 თვის ბავშვი დაჭრა, პატიმრობას ითხოვს, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაში წერია, პროკურატურამ უკვე მიმართა შუამდგომლობით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.
"ოზურგეთის რაიონულმა პროკურატურამ ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობის ფაქტზე, გ.დ.-ს წარუდგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ"ქვეპუნქტით.
გამოძიებით დადგინდა, რომ ოზურგეთის რაიონში მცხოვრები გ.დ. განაწყენებული იყო რა ყოფილი მეუღლის ქმარზე - გ.ც.-ზე და ყოფილი მეუღლის დედაზე - ნ.შ.-ზე, განიზრახა მათ მიმართ ძალადობა. ამ მიზნით, 2017 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 20:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, საკუთარი ავტომანქანით მივიდა ნ.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან, სადაც დაინახა ნ.შ. და ამ უკანასკნელის მეზობელი მ.ჯ.
გ.დ.-მ კუთვნილი სანადირო თოფიდან მოახდინა ნ.შ.-სა და მ.ჯ.-ს მიმართულებით გასროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს ნ.შ.-მ, მ.ჯ.-მ დაყოფილი მეუღლის 5 თვის შვილმა.
2017 წლის 31 აგვისტოს, გ.დ. დაკავებულ იქნა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, მას წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ"ქვეპუნქტით.
პროკურატურამ უკვე მიმართა შუამდგომლობით ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით ითვალისწინებს", - ნათქვამია განცხადებაში.