გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, ბოლო დღეებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 35 ფაქტი გამოვლინდა.
"იმის ფონზე, როცა მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყეებში გაჩენილი ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სტიქიასთან ბრძოლა ყველა არსებული ადამიანური თუ ტექნიკური რესურსის გამოყენებითა და მეზობელი ქვეყნების დახმარებით ხდება, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი ხე-ტყის უკანონო ჭრას მაინც აგრძელებს.
19-31 აგვისტოს მონაცემებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ, მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ხე-ტყის უკანონო მოპოვების, გადამუშავებისა და ტრანსპორტირების 35 ფაქტი გამოვლინდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 123 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი, 23 მ3 მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 7 მ3 საშეშე მერქანი. ამავე პერიოდში, ამოღებულია და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოშია გადატანილი 6 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარი, ე.წ. ლენტური ტიპის დაზგა", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.