31 აგვისტოს, ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძეს ადვოკატები შეხვდებიან. ისინი მომდევნო დღეს ჩანიშნულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით დეკანოზთან კონსულტაციას გაივლიან. პირველ სექტემბერს დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნით სიტყვას იტყვის.
„პრაქტიკულად დამთავრდა სასამართლო პროცესი, რომელიც თითქმის, 7 თვე გრძელდებოდა. პირველ სექტემბერს კი, დასკვნით სიტყვას ვიტყვით, ადვოკატები მთელ სასამართლო პროცესებს შევაჯამებთ, ყველაფერს გავუკეთებთ ანალიზს, მათ შორის იმას, თუ რა მტკიცებულები გამოვიკვლიეთ, რა პოზიციები ჰქონდათ მოწმეებს და ა.შ. რეალურად ეს საქმე დადგმული სპექტაკლი იყო და ამ სიტყვების ჭეშმარიტება ყოველ სასამართლო პროცესზე იკვეთებოდა. დადასტურდა ისიც, რომ ირაკლი მამალაძეც კი შემთხვევით არ აღმოჩენილა ამ საქმეში, ის აგენტ-პროვოკატორი იყო“, - აცხადებს „ჯი-ეიჩ-ენ-თან“ მამალაძის ადვოკატი, გიორგი ფანცულაია.
სასამართლო პროცესზე საბოლო სიტყვით წარსდგება დეკანოზიც. ამით სასამართლო განხილვა ამოიწურება, რადგან ბრალდების მხარეს დასკვნითი სიტყვა უკვე წარდგენილი აქვს. თუ რა ექნება მამალაძეს თავის საბოლოო სიტყვაში სასამართლოსთვის სათქმელი, ამას ადვოკატები მასთან კონსულტაციის შემდეგ უფრო დეტალურად გაიგებენ.
„კიდევ ერთხელ დავაზუსტებთ ერთმანეთში დეტალებს, ინფორმაციას გავცვლით. ჩვენს წარსადგენ სიტყვას მას დეტალურად გავაცნობთ. ალბათ, დეკანოზიც გაგვაცნობს თუ რა სიტყვით წარსდგება ის სასამართლოს წინაშე. რა თქმა უნდა, ის პირველ რიგში იმას იტყვის, თუ რატომ მოხდა მისი დაკავება, რა ჯგუფი დაუპირისპირდა მას და რას ემსხვერპლა“, - აცხადებს ფანცულაია.
ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას გამოიტანს და დეკანოზის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება.
„თუ სასამართლო დამოუკიდებელი იქნება, მასზე პროკურატურა არ, ან ვერ მოახდენს ზეწოლას, გამამართლებელი განაჩენი დადგება. თვითონ დეკანოზიც დაკავების დღიდან დღემდე, თავისი სიმართლის დამტკიცების მოლოდინშია“, - აცხადებს ადვოკატი.