თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დეპუტატ ზურაბ ნეფარიძეს და მისი ცოლის დას, ანა მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით წიანსწარი პატიმრობა შეეფარდა, ნეფარიძის ადვოკატმა, სულხან კაპანაძემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მან ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენ-ს“ განუცხადა.
„საჩივარი უკვე შევიტანეთ და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დღეს შევხვდი, მაგრამ მასთან მხოლოდ გასაჩივრების საკითხზე მქონდა საუბარი. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამანაშავედ არ სცნობს, მას ეს პოზიცია გამოძიებასთანაც დაფიქსირებული აქვს და სასამართლოშიც. დამატებით ვერაფერს გეტყვით, რადგან მასალებია შესაგროვებელი, საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი და ამ კუთხით ვმუშაობთ“, - აცხადებს კაპანაძე.
რაც შეეხება ბრალდების მხარის განცხადებას, რომ ნეფარიძის წინააღმდეგ მისმა შვილმა ჩვენება მისცა, ადვოკატი არ ადასტურებს.
„შვილი დაკითხულია, ჩვენება მიცემული აქვს, მაგრამ მამის საწინააღმდეგო ჩვენება არ მიუცია. მას კონკრეტული ინფორმაციები არ ჰქონია, ის ერთ-ერთ საუბარს შეესწრო, მან ჩვენებაში ეს დაადასტურა“, - აცხადებს სულხან კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ბრალდება ზურაბ ნეფარიძეს ქრთამის აღებასა და შრომის კოდექსის დარღვევას, ანა მენთეშაშვილს კი, ხელშეწყობას ედავება.
წინა სასამართლო პროცესი 16 ოქტომბერსაა ჩანიშნული.