თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით იმყოფება არაღიარებულ მთიან ყარაბაღში. რადიო თავისუფლების რუსულენოვან პროექტ „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, სტეფანაკერტში აფხაზმა მინისტრმა დაურ კოვემ და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კარენ მირზოიანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს. „აფხაზეთის საგარეო უწყების დელეგაციის ეს ვიზიტი მორიგი დასტურია იმ ტრადიციულად მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობებისა, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს“, - განაცხადა კარენ მირზოიანმა. თვითგამოცხადებული აფხაზეთის და მთიანი ყარაბაღის მინისტრებმა შეხვედრისას ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე.