დღეს, 18:00 საათზე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ 22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალაში ჯგუფური წამებისა და ცემის ფაქტზე დაკავებული 3 პირის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე უნდა იმსჯელოს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ამ ფაქტამდე ერთი დღით ადრე, პოლიციის განყოფილებაში თავად ჰქონდა განცხადება წარდგენილი, რომ მის მეღლეს ეს ადამიანი ავიწროვებდა. ამ განცხადების საფუძველზე სამართალდამცავების მიერ გამოკითხვებია ჩატარებული“, - განუცხადა „ჯი-ეჩ-ენ-ს“ ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა, დარეჯან ბუცხრიკიძემ.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდებულს დაზარალებულის ცემასა და წამებაში მონაწილეობა არ მიუღია. ის დუმილის უფლებით სარგებლობს და ბრალს არ აღიარებს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ცემასა და წამებაში მონაწილეობა არ მიუღია. მას არ ჰქონდა გაზრახვა მომხდარიყო ის, რაც მოხდა. ის ამ ფაქტს გმობს. რადგან საქმე მის ოჯახს ეხებოდა, ეცადა პირადად გაერკვია თუ რა ხდებოდა მასსა და მის მეუღლეს შორის. ის ამის გარკვევას დალაპარაკებით შეეცადა. შემდეგ კი, გარეგანი ძალების მიერ მოხდა ის, რაც მოხდა. ისინი ერთმანეთს იცნობდნენ, დაზრალებული ასაკით უფროსია, 43 წლისაა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კი, 25 წლისაა“, - აცხადებს ბუცხრიკიძე.
შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს, სოფელ ყარაჯალის მკვიდრი 43 წლის მამაკაცი, 15-მდე თანასოფლელმა სოფლის მიმდებარედ, ე.წ. ველის ტერიტორიაზე სასტიკად სცემა, შემდეგ კი მასზე სექსუალური ძალადობა განახორციელა. თვითმხილველების ინფორმაციით, ფაქტს 200-მდე ადამიანი ადევნებდა თვალყურს, რომლებიც მობილური ტელეფონებით ფოტოებს და ვიდეოს იღებდნენ.
ამ ეტაპზე, დანაშაულში ბრალდებული 4 პირია დაკავებული, დანარჩენი პირები კი იდენტიფიცირებული არიან და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.