რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ამ დღეებში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს აკრიტიკებს, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის მხარდაჭერას ეხება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, აშშ-ს ადმინისტრაციის ზოგი წარმომადგენლის მოსაზრება რუსეთში დემოკრატიის განვითარების შესახებ ორმაგ სტანდარტებზეა აგებული.
"იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობებში მიმდინარე "გადატვირთვა" ჯერ-ჯერობთ არანაირად არ შეხებია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ანგარიშის შედგენაზე მუშაობდნენ", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მათივე თქმით, რუსეთთან მიმართებაში გამოყენებულია ტრადიციულ თეზისთა ნაკრები რუსეთში დემოკრატიის "ეროზიის" შესახებ. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ "ორმხრივი საპრეზიდენტო კომისიის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, თურმე, აპირებს "კონტროლი" განახორციელოს რუსეთში დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დაცვაზე".
რუსეთის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ანგარიშში "გვერდი ვერ აუარეს" აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენელთა მიერ რუსეთის მოქალაქეების კეთილდღეობისათვის გატარებულ "კეთილი საქმეების" ჩამონათვალს, რომელთაგან მრავალი "საშინაო საქმეებში ჩარევას" გავს.
ამასთან ერთად, ანგარიშში რუსეთის პროგრამები, რომლებიც "საზღვარგარეთ მაცხოვრებელი თანამემამულეების მხარდაჭერას ეხება" _ პოლიტიკურ პროვოკაციებადაა მოხსენიებული, რომლებსაც "თვალყურის დევნება და აღკვეთა სჭირდება".
"ხოლო რაც შეეხება რუსეთის კრიტიკას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევას ეხება, ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული და ურთიერთპატივისმცემელი დიალოგისათვის, მაგრამ არაა ჭკუის სწავლებებისა და მითითებებისათვის თუ როგორ უნდა ვაშენოთ ჩვენ "ჭეშმარიტი დემოკრატია", _ ნათქვამია სერგეი ლავროვის უწყების განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს ურჩევს _ "კარგი იქნებოდა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ჯერ საკუთარ პრობლემებში გაერკვნენ".
მასალის გამოყენების პირობები