„მთის კურორტების განვითარების კომპანია" ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს ბორჯომის ხეობაში არსებული ხანძრის ლოკალიზებაში.
"წაღვერის თავზე, ეგრედწოდებული არჯევანიძეების ტყის მასივში მთელი ღამის განმავლობაში ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები მძიმე ტექნიკით გზების გაჭრის სამუშაოებში მონაწილეობდნენ. მთლიანობაში სამ კილომეტრადე გზა გაიჭრა, რათა სახანძრო- სამაშველო მანქანებს შეძლებოდათ ტყის ტერიტორიაზე გადაადგილება და ცეცხლის ლოკალიზება. ასევე გაკეთდა ცეცხლისთვის უსაფრთხოების კორიდორები, რომ არ მოხდეს ცეცხლის არეალის მომატება. აღნიშნულ სამუშაოებს ახორციელებს ბაკურიანის მთის მართვის დეპარტამენტი", - ნათქვამია განცხადებაში.