ბორჯომში, სოფელ დაბაში ცეცხლი იმ ტერიტორიაზე გავრცელდა, სადაც კამპანია „აღადგინეს“ ფარგლებში, აგვისტოს ომის დროს გადამწვარი მწვანე საფარის აღდგენა მიმდინარეობდა.
საზოგადაოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კამპანიის ორგანიზატორები სტიქიის ზონაში ჩავიდნენ და ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ განაცხადეს, რომ მცენარეების ნაწილი უკვე დაიწვა.
კამპანიის ორგანიზატორის, სალომე კუკავას ინფორმაციით, გაზაფხულზე დარგული 30 ათასი ნერგის ნაწილი იწვის.
„ერთადერთი ვერტმფრენი მუშაობს ძირითადად სოფლის მხარეს, მეორე მხარეს კი ვერ ექცევა ყურადღება. ჩვენ ველოდებით მითითებას, ისიც არ ვიცით, რა გავაკეთოთ, როგორ დავეხმაროთ. ძალიან ბევრი ადამიანი გვწერს, რომ სტიქიასთან ბრძოლაში ჩაერთვებიან, მაგრამ ვერაფერს ვაკეთებთ, უმოქმედონი ვართ, იმიტომ რომ სახანძრო სამსახურიც კი ვერ მუშაობს, რადგან პერიმეტრთან მიახლოება, ფაქტობრივად, შეუძლებელია", - განაცხადა კუკავამ.
მისივე თქმით, სექტემბერში დაახლოებით 20 ათასამდე ხის დარგვა იგეგმებოდა.
ბორჯომში ხანძარი ამ დროისთვის იმ პერიმეტრზე გავრცელდა, რომელიც აგვისტოს ომის დროს განადგურდა.
ცოტა ხნის წინ, ალიევმა ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენები გამოგზავნა.