ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, წაღვერის თემში, სოფელ დაბის მიმდებარედ ხანძარი მიუდგომელ ადგილზეა, სადაც სამანქანო გზაც არ მიდის და ამიტომ ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.
"სამცხე-ჯავახეთის რეგიონის, ბორჯომის რაიონის სოფელ დაბას ტერიტორიაზე ცეცხლი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გადამწვარი ტყის ფართობს უკიდია. ხანძარი დაახლოებით 500კვ.მ ფართობზეა გავრცელებული.
ხანძრის ლოკალიზება გართულებულია ქარის გამო. ადგილზე მობილიზებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა, ადგილობრივი სახანძრო, პოლიცია, სამაშველო სამსახური და ელოდებიან ვერტმფრენს", - აცხადებენ სააგენტოში.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ , სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი ბალახს და ჩაჩეხილ ხეებს უკიდია.
ხანძრის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად მაღალი ტემპერატურა სახელდება.