რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში პოკლონნაია გორა მოინახულა და ქუთაისში დემონტირებული და მოსკოვში ასაგები "დიდების მემორიალის" პროექტებს გაეცნო. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, კონკურსის ფინალში წარმოდგენილი 25-იდან 6 პროექტი გავიდა.
დათვალიერების დროს ვლადიმერ პუტინს თან ახლდა პარტია "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერ ზურაბ ნოღაიდელი, რუსეთის ქართველთა კავშირის თავმჯდომარე მიხეილ ხუბუტია და ასევე მოსკოვის ვიცე-მერი ვალერი ვინოგრადოვი.
კონკურსის ორგანიზატორებმა მაღალჩინოსან სტუმრებს განუცხადეს, რომ კონკურსი უახლოეს მომავალში სრულდება, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაო უშუალოდ ძეგლის ჩამოსხმისთვის.
მემორიალის შექმნის დაწყება ივლისის ბოლოსთვისაა დაგეგმილი. ორგანიზატორებს, რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვში ამ მემორიალის 19 დეკემბერს გახსნა სურთ _ ანუ ქუთაისში მემორიალის დემონტაჟის წლისთავზე.
გამარჯვებაზე პრეტენზიას აცხადებენ შემდეგი პროექტები: პირველი მათგანი ორი ნაწილისგან შედგება და წარმოადგენ ვაგონს, რომლიდანაც ფრონტიდან სულ ახლახან დაბრუნებული ჯარისკაცები ჩამოდიან. უკანა პლანზე კი განლაგებულია ოდნავ გადაზნექილი არკა, რომელიც ქუთაისში დემონტირებული მემორიალის ხსოვნის მანიშნებელი იქნება.
მეორე პროექტი _ ესაა ორი ხანდაზმული ადამიანის ფიგურა, რომლებიც დგანან გვერდიგვერდ და ერთმანეთს ეხუტებიან. მათ გვერდით კი დახეული ალამი ფრიალებს. ამ ალმის კონტურებში კი ადამიანების მოხაზულობა იკვეთება.
მესამე პროექტის ავტორმა დიდების მემორიალის იდეა გრძელ კაბაში ჩაცმული ქალის ფიგურით გამოხატა, ქალი თავსაფრიანია და ხელში გრაგნილი უჭირავს, რომელზედაც მხოლოდ ერთი სიტყვა წერია - "გახსოვდეს".
აღსანიშნავია, რომ პროექტების დათვალიერების პროცესში პუტინი დაინტერესდა, არსებობს თუ არა ძეგლი ეგოროვისა და ქანთარიასთვის, მას კი უპასუხეს, რომ ამგვარი ძეგლი ჯერ არ არსებობს.