თბილისში, თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსგენდერ ქალებს თავს დაესხნენ.
ერთ-ერთი დაზარალებულის, მირანდა ფაღავას ინფორმაციით, პიროვნებები შეიარაღებულები იყვნენ ელექტროშოკებით, წიწაკის სპრეებით და განსაკუთრებული სისასტიკით, მიზანმიმართულად აყენებდნენ შეურაცხყოფას.
როგორც დაზარალებული აცხადებს, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მათგან მოითხოვდნენ, რომ საჩივარი არ დაეწერათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ დააკავებდნენ.
"მე და ჩემს ტრანსგენდერ მეგობრებს ორი ჩვენთვის უცნობი პიროვნება დაგვესხა თავს. პიროვნებები შეიარაღებულები იყვნენ ელექტროშოკებით, წიწაკის სპრეებით და განსაკუთრებული სისასტიკით, მიზანმიმართულად მოგვაყენეს ფიზიკური ზიანი. სამ ჩვენგან მათ შორის მე, დაგვჭირდა სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და ჰოსპიტალიზაცია დამწვრობის ცენტრში. დაზიანებები აღმენიშნება სახისა და მარჯვენა ხელის მიდამოებში, ანალოგიური ჩემს მეგობრებსაც. ინციდენტს შეესწრო კრიმინალური პოლიცია, მათ ოპერატიულად მოახდინეს პიროვნებების დაკავება და სიტუაციის განმუხტვა, თუმცა შემდეგ მათი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა ჩვენ მიმართ (ალბათ თავდამსხმელის ვინაობიდან გამომდინარე). ჩვენგან მოითხოვნდნენ რომ საჩივარი არ დაგვეწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დაგვაკავებდნენ, ჩემზე რა თქმა უნდა, მსგავსი მუქარები არ მოქმედებს, თუმცა ჩემი ტრანსგენდერი მეგობრები დაიყოლიეს და უარი ათქმევინეს საჩივრის დაწერაზე, ასევე, "კაკებეს" მეთოდებით მათი იყენებენ ჩემს წინააღმდეგ და ემუქრებიან, რომ თუ მე დავწერ საჩივარს, მათ გამოუჩხრებენ რაღაც საქმეებს და დააკავებენ", - წერს მირანდა ფაღავა.
მისივე ინფორმაციით, პიროვნებები აცხადენ, რომ მან და მისმა მეგობრებმა მათ მანქანა დაულეწეს და სწორედ ამიტომ მივიდნენ შეიარაღებულები მიმდებარე ტერიტორიაზე.
"პიროვნებები აცხადებენ, რომ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე მე და ჩემმა მეგობრებმა მანქანა დავულეწეთ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე და სწორედ ამიტომ შეიარაღებულები მივიდნენ სამაგიეროს გადასახდელად. ანუ, დაგეგმილ დანაშაულს განზრახ სიცოცხლის მოსპობის მცდელობას აღიარებენ", - აღნიშნავს დაზარალებული ტრანსგენდერი ქალი.
როგორც მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე, მოკვლევის ეტაპი მიმდინარეობს. მათივე ცნობით, მოკვლევის დროს ორივე მხარე გამოიკითხება.