თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა იწყება.
დღევანდელი პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა.
როგორც დეკანოზის ავდოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ჩვენება, რაც მამა გიორგიმ წინასწარი გამოძიებისას თქვა, საკმარისი უნდა ყოფილიყო გამოძიებისთვის, თუ ის ობიექტურად იმუშავებდა.
"ერთ-ერთ მტკიცებულებასთან დაკავშირებით პროკურატურას თავისი პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია. ამ პოზიციის გამჟღავნების შემდეგ დაიწყება მამა გიორგის დაკითხვა. ეს ერთ-ერთი მტკიცებულებაა, რომლის საფუძველზე მოხდა მედიცინის მუშაკის გამოკითხვა. მამა გიორგისთან კითხვები ჩვენ არ გვექნება, ის თავის ჩვენებას თხრობით ფორმაში იტყვის. ამის შემდეგ გამოჩნდება რეალური სურათი, რა კითხვები გაუჩნდება პროკურატურას და რა კითხვები გაგვიჩნდება ჩვენ. თუმცა, დეტალურად ვიცით ჩვენების შინაარსი. არ გამოვრიცხავ პროკურატურას ის აინტერესებდეს, რაც წინასწარი გამოძიებითაც აინტერესებდათ. ეს საქმესთან არანაირ შემხებლობაშია. ისინი ამ კითხვებით ცდილობენ მათ მიერ წაყენებული ბრალი თითქოს საფუძვლიანია. ის ჩვენება, რაც მამა გიორგიმ წინასწარი გამოძიებისას თქვა, საკმარისი უნდა ყოფილიყო გამოძიებისთვის, თუ ის ობიექტურად იმუშავებდა", - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
რაც შეეხება პროკურორს, მისი განცხადებით, დღევანდელი სასამართლო პროცესიდან მოლოდინია, რომ დეკანოზი მიცემულ ჩვენებას შეცვლის.
"ამ ეტაპზე დაცვის მხარემ თავისი წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. ბრალდებულის ჩვენებისგან დიდი მოლოდინი არ გვაქვს, ის გამოძიების ეტაპზე ორჯერ არის დაკითხული. მასთან უამრავი კრიტიკული შეკითხვა იყო დასმული, რომელზეც მან პასუხი ვერ გასცა. ის ყოველ ჯერზე ცდილობდა წინა ეტაპზე განცხადებული ჩვენება შეეცვალა. დღენვადელი სასამარლო პროცესიდან გვაქვს ის მოლოდინი, რომ ის თავისმიერ მიცემულ ჩვენებას შეცვლის", - აღნიშნა საქმის ერთ-ერთი პროკურორი ზვიად გუბელაძე.