ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმზე დაცვის მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმის ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა მიმდინარეობს.
პროცესიდან გამოსულმა დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა მია ზოიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
"მან საუბარი დაიწყო მასზე განხორციელებულ ზეწოლაზე მას შემდეგ, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ ის ჩვენების მიცემას აპირებდა, თუ ვისი მხრიდან ჰქონდა ზეწოლას ადგილი, კონკრეტულ სახელსა და გვარებს ვერ დაგისახელებთ. მან კონკრეტულად დაასახელა იმ ადამიანების სახელი და გვარები, რომელთა საქმეებშიც ირაკლი მამალაძე მონაწილეობდა, როგორც აგენტი. რადგან პროცესი დახურულია, მე ამ სახელსა და გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა აქვე გეტყვით იმას, რომ ეს ადამიანები საზოგადოებისთვის ცნობილები არიან. საუბარი იყო ირაკლი მამალაძის ჩართულობით, თუ რომელი ადამიანები დააკავეს და ასევე მოწმე საუბრობს იმაზეც, რომ ერთ-ერთ ტელევიზიაში მუშაობის დროს ირაკლი მამალაძე ფარულად იწერდა თავის თანამშრომლებს, ეს გახდა კიდეც მიზეზი, რომ ის იმ ტელევიზიიდან გაუშვეს", - განაცხადა მან.
არსებული ინფორმაციით, დაცვის მხარეს მოწმესთან კითხვები ექნება.
"დეტალურად გამოვკითხავთ ყველა იმ საკითხს, კონკრეტულ მოვლენებს, როცა ირაკლი მამალაძე, როგორც აგენტი, ისე საქმიანობდა. დაცვის მხარის ვარაუდი, რომ ის მამა გიორგი მამალაძის შემთხვევაშიც მიგზავნილი აგენტ-პროვოკატორი იყო, ეს რომ დადასტურდეს ყველანაირ ინფორმაციას მოვიძებთ", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში მია ზოიძემ.
ცნობისთვის, ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა ამ წუთებშიც მიმდინარეობს.