იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი, კოლეგებისგან ახსნა განმარტებებს მოითხოვს.
მისი განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინა - 24 ივლისის სხდომა რეგლამენტის უხეში დარღვევით წარიმართა და განიხილეს საკითხები, რომელიც დღის წესრიგით წინასწარ გათვალისწინებული არ ყოფილა.
ამ სხდომაზე საბჭომ თანამდებობიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე გიორგი ებანოიძე გადააყენა.
ვახტანგ მჭედლიშვილი ახსნა-განმარტებებთან ერთად, სხდომის ვიდეოჩანაწერის გასაჯაროვებას მოითხოვს, რომელიც ამ დრომდე საბჭოს ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა. მისი ინფორმაციით, ეს ჩანაწერი განადგურებულია.
„იუსტიციის საბჭოს სხდომაზე გამოტანილ იქნა მრავალი საკითხი, რომელიც მანამდე დღის წესრიგში არ იყო. მეორე - იუსტიციის საბჭოს სხდომაზე განხილულ იქნა პროექტი, რომელიც კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, შეცვლილ იქნა პროექტით, რომელიც აბსოლუტურად სხვა სამართლებრივ შედეგებს იწვევდა. მესამე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ წევრთა მოთხოვნით, გადადებულიყო ამ საკითხების განხილვა, არ იქნა გაზიარებული და მეოთხე - განადგურებულ იქნა იუსტიციის საბჭოს აღნიშნული სხდომის ოქმის ვიდეოჩანაწერი. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ჩანაწერი გაყალბდა. მოვუწოდებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ნინო გვენეტაძე და ახალარჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს, შეწყვიტონ მსგავსი პრაქტიკა,“ - აცხადებს ვახტანგ მჭედლიშვილი.