"აშშ შეეცდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები განახლდეს" - ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბაქოში ვიზიტისას გააკეთა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
სახელმწიფო მდივნის ბაქოში ვიზიტისას, კლინტონმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის პრობლემის გადაწყვეტის გზებზე ისაუბრეს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებაში დახმარება სთხოვა.
"ჩვენთვის ეს მთავარი პრობლემაა, რომელსაც ჩვენ რეგიონის უსაფრთხოების ძირითად პრობლემად ვთვლით. ჩვენ გვინდა ამ პრობლემიდან გამოსავალი რაც შეიძლება მალე ვიპოვოთ. ჩვენი ხალხი იტანჯება", - განაცხადა ალიევმა.
თავის მხრივ კლინტონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისათვის ამ რეგიონში არსებული პრობლემები მნიშვნელოვანია, ამიტომ მისი თქმით, აშშ შეეცდება ითამაშოს მედიატორის როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის იმისათვის, რომ დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს. როგორც ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, იგი ამ თემაზე სომხეთის პრეზიდენტთან, სერჯ სარქისიანთანაც ისაუბრებს.
შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა 1994 წლიდან არსებობს. აღნიშნული ტერიტორიისთვის სომხეთი და აზერბაიაჯანი 3 წლის განამავლობაში იბრძოდნენ, რასაც ჯამში 30 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.