20 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში 2013 წელს ჩადენილ დანაშაულებში - ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობასა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ჩ. დამნაშავედ ცნო და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნულ გაადწყვეტილებას ბრალდებული და მისი ადვოკატები არ ეთანხმებიან.
„ეს განაჩენი უკანონოა, საქმეში არავითარი მტიცებულება არსებობს. შესაბამისად, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას საპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. 2 კვირის ვადაში განაჩენი ჩაგვბარდება, ამის შემდეგ გავასაჩივრებთ. სააპელაციოს გადაწყვეტილებამდე ვერაფერს გეტყვით, რადგან ვფიქრობ, პრესის, მედიის მეშვეობით ამ საქმის გშუქებამ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესები დააზარალა“, - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს“ მსჯავრდებულის ადვოკატმა, რაულ გამისონიამ.
საქმის მასალების მიხედვით, 1986 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ და მისმა თანამზრახველმა - 1977 წელს დაბადებულმა ნ.ძ.-მ, რომელსაც ამავე დანაშაულისთვის ნიურნბერგ-ფიურტის მიწის სასამართლოს მიერ გერმანიაში უვადოდ თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, 2013 წლის ივნისში ქალაქ ნიურნბერგში, 1928 წელს დაბადებული ა.მ.-ის საცხოვრებელ ბინაში ფარულად შეაღწიეს, ბინის მესაკუთრეს ხელ-ფეხი შეუკრეს და გაგუდეს. შემდეგ აღნიშნულმა პირებმა ბინიდან, სხვა ნივთებთან ერთად, „როლექსის“ მარკის, 2500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ჩადენილი მძიმე დანაშულისთვის მსჯავრდებული პირი ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ის 2016 წლის ნოემბერში, თბილისში დააკავეს.