აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე მეგრელიშვილი, სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას ეწვია.
მინისტრის მოადგილე, სამინისტროს საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ვახტანგ ჭეიშვილთან და ლაშა ფირცხალავასთან ერთად, პალატის ხელმძღვანელს თამაზ შავაძეს და თანამშრომლებს შეხვდა.
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელმა კონსტანტინე მეგრელიშვილს უწყების მიერ დღემდე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო.
მინისტრის მოადგილემ სხვადასხვა საკითხებზე ორგანიზაციაში დასაქმებულების წინადადებები მოისმინა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობით, სამომავლოდ მნიშვნელოვანი სიახლეების გატარებაზე ისაუბრა.
ბოლო პერიოდში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის რებრენდინგი განხორციელდა. 2016 წლის მონაცემებით პალატამ სულ 1049 საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი გასცა და სხვადასხვა ქვეყნის 60 ბიზნეს დელეგაციას და ოფიციალურ პირს უმასპინძლა.
ასსპა-ს საქმიანობის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ პრივატიზების პროცესის, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის, ეკონომიკური განვითარების ტენდენციების შესახებ უახლესი ინფორმაცია მიიღონ.
აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წევრია. ICC წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას მსოფლიოში, რომელიც წამყვან კომპანიებსა და ბიზნეს ორგანიზაციებს აერთიანებს საქართველოში.
2013 წლიდან აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა აზია-წყნარი ოკეანის პალატების კონფედერაციის (CACCI) წევრია.
ასსპა-ს აქტიური ჩართულობით აჭარაში მრეწველობის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, მედიცინის და სხვა მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.