ქარიშხალი "ალექსი", რომელსაც საფირა-სიმპსონის შკალის მიხედვით მეორე კატეგორია უჭირავს ტეხასისა და მექსიკის საზღვარზე მძვირვარებს.
ქარის სიმძლავრე საათში 130 კილომეტრს აჭარბებს. ქარიშხალი კი 280 კილომეტრ ფართობზე ვრცელდება. ინფორმაციას ამის შესახებ ბი-ბი-სი ავრცელებს.
ქარიშხალი "ალექსი" დასავლეთისაკენ მიიწევს საათში 19,2 კილომეტრი სიჩქარით. მისი მოცულობა თანდათან იზრდება და 328 კილომეტრ ფართობს აღწევს. რეგიონში უკვე დაიწყო კოკისპირული წვიმები და ძლიერი ქარი.
ძლიერმა შტორმმა უკვე ხელი შეუშალა მექსიკის ყურეში კომპანია "ბრიტიშ პეტროლიუმის" მიერ წარმოებულ გამწმენდ სამუშაოებს.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ტეხასის შტატში საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა. შტატის სანაპირო რაიონებიდან უკვე ევაკუირებულია სამი ათასამდე ადამიანი.
მაიამიში არსებული ქარიშხლების ზედამხედველობის ნაციონალური ცენტრის სპეციალისტების მონაცემებით, ქარიშხალი "ალექსი" ძირითად დარტყმას მექსიკის ტერიტორიაზე მიიტანს, ვინაიდნა ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მან ტრაექტორია შეიცვალა.