ოკუპაციის ხაზის მორიგ გადმოწევას, ცენტრალურ მაგისტრალთან ოკუპანტების 400 მეტრით მიახლოვებას „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი, გია როინიშვილი გამოეხმაურა.
„ჯი-ეიჩ-ენ“ -თან საუბარში როინიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობამდე არაკომპეტენტურმა ხელისუფლებამ მიიყვანა.
„ძალიან საშიში სიტუაციაა, მცოცავი ოკუპაცია გრძელდება. ცენტრალური მაგისტრალიდან რუსები უკვე 400 მეტრში არიან. ამ დროს მთავრობა აბსოლუტურად უმოქმედოა. ქვეყანაში ყველანაირი მდგომარეობა, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური იმდენად გართულებულია, როდის რა მოხდება და რას გააკეთებენ ჩვენი მტრები, კაცმა არ იცის. ახლა ხელისუფლებამ მოთხოვნით მთელი მსოფლიო უნდა შეძრას და ყველა სტრატეგიული პარტნიორი გვერდით დაიყენოს. თუმცა, ამ მთავრობამ რა იცის და რა არა, უკვე აღარ ვიცი,“ - აღნიშნა „ჯი-ეიჩ-ენ“-თან საუბარში როინიშვილმა.
როინიშვილი იმ საფრთხეებზეც საუბრობს, რომელიც საზღვრის კიდევ ერთხელ გადმოწევას შეიძლება მოჰყვეს.
მისი თქმით, სრულიად შესაძლებელია ერთ დღეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო ერთმანეთს დააშორონ.
„რუსები ავტომატის ჯერითაც კი მოწვდებიან მაგისტრალს და ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გზა გადაიკეტოს, მანქანებმა ვერ იმოძრაონ. ეს აბსოლუტურად შესაძლებელია, რადგან ავტომატის ჯერი 400 მეტრზე მიდის. წარმოგიდგენიათ, დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთი რომ მოწყვიტონ და ჩვენი ქვეყანა ხერხემალში გადატეხონ? ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას ერთხელ უკვე, 90-იან წლებში გავლილი აქვს და ეს ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს. ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება შველა! ჩვენთვის ყოველი გოჯის დაკარგვა საგანგაშოა. წარმოიდგინეთ, მცოცავ ოკუპაციას წინააღმდეგობასაც ვერავინ უწევს. ნელ-ნელა ჩვენს ტერიტორიებს ვკარგავთ. ამაზე არანაირი პასუხი, არც პოლიტიკური, არც დიპლომატიური არ არსებობს. ამ შედეგამდე კი არაკომპეტენტურმა ხელისუფლებამ მიგვიყვან,“ - განაცხადა როინიშვილმა.