კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის ორგანოში (UNCTAD), მომხმარებელთა დაცვის კანონისა და პოლიტიკის მთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის მე-2 შეხვედრას ესწრება.
შეხვედრა 3-4 ივლისს, ჟენევაში, გაეროს ოფისში იმართება და მასში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მომხმარებელთა დაცვის ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. სამუშაო შეხვედრის პირველ დღეს, მომხმარებელთა დაცვის სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა განიხილეს. ასევე, UNCTAD-ის სამდივნომ მომხმარებელთა დაცვის საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო წარმოადგინა, რომელიც მსოფლიოში არსებული პრაქტიკის ანალიზის შედეგად შემუშავდა. ექსპერტებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს გაეროს სახელმძღვანელო დოკუმენტების იმპლემენტაციისა და მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შვეიცარიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნოდარ ხადური, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, 5-7 ივლისს, ასევე დაესწრება კონკურენციის კანონისა და პოლიტიკის შესახებ მთავრობათაშორისი ექსპერტთა ჯგუფის მე-16 შეხვედრას.