"როსპოტრებნადზორი" მოლდოვური ღვინის ხარისხით კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამს. კერძოდ, რუსეთის სანიტარული სამსახური აცხადებს, რომ აუცილებელია მოლდოვიდან შემოტანილი ღვინის ხარისხის კონტროლის გამკაცრება, იმის გამო, რომ მის ახალ პარტიაში საფრთხის შემცველი ალკოჰოლია აღმოჩენილი.
"შექმნილი სიტუაცია უსაფრთხოებისა და ხარისხის უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიებების გატარებას და კონტროლის გამკაცრებას მოითხოვს", _ ნათქვამია "როსპოტრებნადზორის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამას გარდა, რუსეთის სანიტარულ სამსახურში აცხადებენ, რომ ამჟამად გაფორმებისათვის მზადდება სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური დასკვნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოლდოვური წითელი ღვინო "კაბერნე" უსაფრთხოების მოთხოვნებს არ შეესაბამება.
უნდა აღინიშნოს, რომ მოლდივური ღვინის ხარისხზე რუსეთის სანიტარული სამსახური კვლავ მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაი გიმპუმ "1940 წლის 28 ივნისი საბჭოთა ოკუპაციის დღედ" გამოაცხადა.