საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ინდოეთის უმსხვილესი ენერგოკომპანიის „TATA POWER"–ის აღმასრულებელი დირექტორი და კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ანილ სარდანა, „Clean Energy Invest"-ის აღმასრულებელი დირექტორი ბიორნ ბრანდზეგი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში, იან ვან ბილსენი და ,,აჭარისწყალი ჯორჯიას" აღმასრულებელი დირექტორი, პრაშანტ ჯოში საქართველოს ენერგოსექტორში უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის, ,,შუახევიჰესის" მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრნენ.
,,შუახევიჰესის" მშენებლობა 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო. პროექტის ფარგლებში აშენდა ორი კაშხალი შესაბამისი წყალსაცავებით და დამბებით. დერივაცია ხორციელდება გვირაბების საშუალებით. ,,შუახევიჰესის" გვირაბის ჯამური სიგრძე 38 კილომეტრია და ის მეორე ყველაზე გრძელი ჰიდროელექტროსადგურის გვირაბია მსოფლიოში. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 420 მილიონ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია. პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო 730 საქართველოს მოქალაქე. ,,შუახევიჰესი" ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც ბოლო 50 წლის მანძილზე საქართველოში აშენებულა.
ოპერირების დაწყების შემდგომ, ,,შუახევიჰესის" პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისკენ სვლის პროცესში. ჰიდროელექტრო სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში, ენერგოდეფიციტის დროს მთლიანად დარჩება საქართველოში.
,,შუახევიჰესი" პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტია საქართველოში, რომელიც სერთიფიცირებულია გაეროს ჩარჩო კონვენციის კლიმატს ცვლილებების შესახებ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად. ,,შუახევიჰესი" გამოიმუშავებს 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.
შუახევიჰესის პროექტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ენერგო სექტორის განვითარების და ახალგაზრდა ქართველი ინჟინრების მომზადების პროცესში. კომპანიის თანამშრომლების 90% ახალგაზრდა ქართველი ინჟინრები შეადგენენ, მშენებლობაზე სტაჟირებას გადიოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთა უმეტესობაც დღეს უკვე კომპანიის თანამშრომელია.