კონტროლის პალატამ უმაღლეს აუდიტორულ ორგანოდ ჩამოყალიბებისათვის INTOSAI-ის სტანდარტების შესაბამისად ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელობის მეთოდი უნდა დანერგოს, ამის შესახებ "ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მიმართულებების შესახებ" დოკუმენტშია ნათქვამი.
პროექტის განხორციელება საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში გარე აუდიტის არსებით გარდაქმნას საჭიროებს, რადგან სახელმწიფო სახსრების კონტროლის მეთოდოლოგია ფინანსური კონტროლის მოძველებულ ფორმებს ეფუძნება.
გარე აუდიტის სისტემამ განავითარა ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტის მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო პრინციპები და სტანდარტები, რომლებიც არსებითად განსხვავდება მოქმედი კონტროლის ფორმებისაგან.
"ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზირებისა და საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების ძირითადი მიმართულებების შესახებ" დოკუმენტში ნათქვამია, რომ კონტროლის პალატის შესაძლებლობების გაძლიერებისათვის აუცილებელია: სტრატეგიული განვითარების გეგმის განახლება; INTOSAI-ის სტანდარტების შესაბამისად ფინანსური და ეფექტიანობის აუდიტის სახელმძღვანელოების დამტკიცება და პრაქტიკაში დანერგვა; აუდიტის ხარისხის კონტროლის სისტემის შექმნა; სახემწიფო აუდიტორის სასერტიფიკაციო პროგრამის მომზადება და სახელმწიფო აუდიტორების სერტიფიცირება; საზოგადოების ნდობის ხარისხის ამაღლება, კომუნიკაციების გაუმჯობესება საქართველოს პარლამენტთან, აუდიტის ობიექტებთან, დონორებთან და პროფესიულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.