"თიბისი ბანკის" მიერ დანიშნული მენეჯმენტის გამოქვეყნებული ფინანსური ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ "თიბისი ბანკმა" "ელიტ ელექტრონიქსი" არაკეთილსინდისიერი გზებით მიითვისა. ჩვენი გუნდის გადაყენების დღიდან იმას ვამტკიცებთ, რომ "ელიტ ელექტრონიქსი" გადაჭარბებით ასრულებდა რეაიბილიტაციის გეგმას და ამის დამადასტურებელი ყველა საბუთი არსებობს, ხოლო "თიბისი ბანკის" მიერ დანიშნულმა ახალმა მენეჯმენტმა შეგნებულად დაარღვია კრედიტის გადახდის გრაფიკი 15 მარტს, რათა "თიბის ბანკს" შეუფერხებლად მიეთვისებინა "ელიტ ელექტრონიქსის" აქციების 55%", - აცხადებს "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი ანზორ ქოქოლაძე.
"თიბისი ბანკის" მიერ დანიშნული მენეჯმენტის მიერ გამოქვეყნებული 2010 წლის პირველი ხუთი თვის შედეგებიდან კარგად ჩანს, რომ 2010 წლის პირველ კვარტალში "ელიტ ელექტრონიქსის" გაყიდვები იყო 11,500,000 ლარი, რაც დაგეგმილთან შედარებით 500,000 ლარით მეტია. ესე იგი "ელიტ ელექტრონიქსს" თავისუფლად შეეძლო მომსახურებოდა "თიბისი" ბანკის კრედიტს და არ დაერღვია გრაფიკი.
შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს „თიბისი ბანკმა" „ელიტ ელექტრონიქსის" კანონიერი მენეჯმენტი უსაფუძვლო ბრალდებით გადააყენა და მის ნაცვლად ბანკის თანამშრომლები დანიშნა. ახალმა მენეჯმენტმა 15 მარტს „თიბისი ბანკის" კრედიტის გადახდის გრაფიკი დაარღვია, რომელიც ანზორ ქოქოლაძის 14 წლიანი მართვის დროს არასოდეს დარღვეულა. ამის საფუძველზე „თიბისი ბანკმა" ანზორ ქოქოლაძის საკუთრებაში არსებული 5,5 მილიონ დოლარად დაგირავებული აქციების 55% მიკერძოებულ საბროკერო კომპანია - „თიბისი ბროკერისგან" 116 ათას ლარად შეიძინა და კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა.
ანზორ ქოქოლაძე აქციების 55% გასხვისების გაბათილებას მოითხოვს. „ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებლისა და ყოფილი მმართელის, ანზორ ქოქოლაძის განცხადებით, „თიბისი" ბანკის წინააღმდეგ სასამართლოში კიდევ რამდენიმე სარჩელი აქვს შეტანილი და გამარჯვების დიდი იმედი აქვს, რადგან არც ერთ ქვეყანაში ბანკის ნება არ დგას კანონის უზენაესობაზე მაღლა.