გუდამაყრის თემის სოფლებიდან რაიონული ცენტრისკენ მიმავალ სამანქანო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება უკიდურესად გაუარესდა. როგორც ღია გარემოსდაცვით სამოქალაქო ინიციატივას ადგილობრივი მოსახლეობა ატყობინებს, სოფელ მაქართასთან განვითარებულმა მეწყერმა გზა თითქმის მთლიანად წაიღო და 19 სოფლის მოსახლეობას გარესამყაროსთან დასაკავშირებლად მართლა `ბეწვის ხიდზე~ გავლა უწევს.
"ამ გზით სიარული აღარ შეიძლება. მანქანა რომ გადადის, ფერდობის მხრიდან ხალხი დგას და ხელებით იჭერენ, რომ მდინარეში არ გადავარდეს. გზის აღდგენამდე დროებით მაინც უნდა დაიკეტოს, თორემ მართლა უბედურება მოხდება~ _ ამბობს გუდამაყრის თემის რწმუნებული ნელი მექაური.
დუშეთის რაიონის გამგებლის, ლაშა ჯანაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე გამგეობაში გუშინაც ითათბირეს: `საკითხი ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია, შეფასების შემდეგ გაკეთდება ხარჯთაღრიცხვა და გვეცოდინება, რა თანხაა საჭირო პრობლემის გადასაჭრელად. გადაადგილება მალე პრობლემური გახდება, მაგრამ დღეისათვის მანქანები გადასვლას ჯერ კიდევ ახეხრებენ~.
წინასწარი ინფრომაციით, დუშეთის რაიონში ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისთვის და შედეგების რეაბილიტაციისთვის 2010 წელს სოლიდური თანხები დაიხარჯება. თუმცა, დღემდე არ არის გარკვეული, მოხდება თუ არა ამ თანხით გუდამაყრის სამანქანო გზის მაქართის მონაკვეთის კაპიტალური შეკეთება. ამასთან, იმის გამო, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთს შიდასახელმწიფოებრივი სტატუსი არ გააჩნია, საკითხით არც საგზაო დეპარტამენტი ინტერესდება. შეგახსენებთ, რომ საუბარია ათობით სოფელთან დამაკავშირებელ ერთადერთ გზაზე, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ პრობლემა ლოკალური არ არის.
გუდამაყრის თემის (დუშეთის რაიონი) მოსახლეობამ წერილით ასოციაცია ჩENN-საც მიმართა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან შუამდგომლობა ითხოვა.
`2009-2010 წლის წვიმებმა და მძიმე ზამთარმა საგრძნობლად დააზიანა გუდამაყრის მთავარი საავტომობილო გზა, რომელიც ერთადერთი დამაკავშირებელია გუდამაყრის თემსა და დუშეთის რაიონს შორის. გუდამაყრის თემის 19 (ცხრამეტი) სოფელი მთლიანად მოწყვეტილი რჩება რაიონს~ _ ამ წერილს ხელს გყუდამაყრის თემის 50-მდე მცხოვრები აწერს. წერილი გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში, რომლის წარმომადგენლებთან გასულ კვირას კონსულტაციაც გაიმართა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლების განცხადებით, პრობლემის გადაჭრასთან დაკავშირებით სამინისტროს კომპეტენციისა და იმ კონკრეტული ღონისძიებების შესახებ, რასაც აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება გულისხმობს, სამინისტროში უკვე მსჯელობენ და ღია გარემოსდაცით სამოქალაქო ინიციატივას უახლოეს დღეებში აცნობებენ.
მომავალი კვირისთვის ასევე დაგეგმილია საკონსულტაციო შეხვედრები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის, თვითმმართველობის, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელები და ექსპერტები ჩაერთვებიან. სპეციალისტების განცხადებით, სტიქია, რომელიც ერთდროულად 19 სოფელს საფრთხეს უქმნის, ცენტრალური ხელისუფლებისგან ადეკვატური ზომების მიღებას მოითხოვს.
შეგახსენებთ, რომ გასული კვირის წვიმებზე სამანქანო გზის ზემოთ არსებული ფერდობი მთლიანად მოირღვა და გზაზე ჩამოვიდა. ამან კიდევ უფრო დააზიანა გზის ქვედა მხარე, რომელსაც მანამდეც 10-20 სანტიმეტრის ნაპრალები ჰქონდა გაჩენილი.
მეწყერი გასული წლის შემოდგომაზე განვითარდა. ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივის ინფორმაციის საფუძველზე, 2010 წლის გაზაფხულზე ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები. მომზადდა ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა, რომელიც პრობლემის გადაჭრის შესაძლებლობებსაც მოიცავს. გეოლოგიური შეფასების მიხედვით, საჭიროა ფერდობის მხარეს გზის გაფართოვება. ამას კი დაძრული მიწის ჩამოშლისა და გატანის გარდა, გამაგრებითი სამუშაოებიც სჭირდება.
ინფორმაციის მომზადების პროცესში ღია გარემოსდაცვით სამოქალაქო ინიციატივას კიდევ ერთხელ დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გუდამაყრისკენ მიმავალი მანქანებმა დაზიანებულ გზაზე გადასვლა ვეღარ მოახერხეს და უკან მობრუნდნენ. გუდამაყრის თემის რწმუნებულის ინფორმაციით, უკვე არსებობს საშიშროება, რომ 19 სოფელი ფქვილისა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტების გარეშე დარჩეს. მოვლენების განვითარების შესახებ ინფორმაციას დაზუსტებისთანავე მოგაწვდით.