ჩანაცვლებით თერაპიაში გამოყენებული ბუპრენორფინის კომბინირებული პრეპარატის - ბუპრენორფინ-ნალოქსონის მიმართ კონტროლი მკაცრდება. ცვლილება „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ კანონით განსაზღვრული ბრუნვისთვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების ნუსხაში შედის.
ინიციატივა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარადგინა. აკაკი ზოიძის თქმით, ბუპრენორფინ-ნალოქსონის სამედიცინო დანიშნულების გარეშე მოხმარების საზოგადოებრივი საშიშროების გამო, მიზანშეწონილია, მის გამოყენებაზე უმოკლეს ვადაში დაწესდეს ბუპრენორფინის ანალოგიური კონტროლის ზომები.
„შემოდის იმ დანიშნულებით, რომ უნდა იყოს გამოყენებული ჩანაცვლებით თერაპიაში. ძირითადად გამოიყენება კერძო პუნქტებში, სადაც ეს ჩანაცვლებითი თერაპია წარმოებს. სიროფის ფორმით არ არის და ტაბლეტირებულის არადანიშნულებისამებრ გამოყენების საფრთხე საკმაოდ მაღალია. რადგან არ არის დაქვემდებარებული ამ კანონს, სამართალდამცავებს რეაგირება არ შეუძლიათ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებების კანონმდებლობაში შეტანა ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით არის ინიცირებული. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.