2011 წლისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 83 500,0 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა, ამის შესახებ აჭარის მთავრობის 2011-2014 წლების პრიორიტეტებშია განსაზღვრული.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ვაჟა ბოლქვაძემ განუცხადა, 2011 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო შემოსავლები 73 მლნ. 500 ათას ლარს შეადგენს, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება _ 10 მლნ ლარს.
"ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი აღარ ღებულობს ფინანსურ დახმარებას (ტრანსფერს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რითაც ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს მიენიჭა მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა და რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯები მთლიანად ფინანსდება საკუთარი შემოსავლებით. მომდევნო წლებში მოსალოდნელია შემოსავლების ტემპის მნიშვნელოვანი ზრდა, რომლის მოცულობაც 2015 წლისათვის სავარაუდოდ მიაღწევს 83 მლნ 100 ათას ლარს, რაც 17 მლნ. 761 ათასი ლარით ანუ 27,2 %-ით აღემატება 2010 წელში ამ მხრივ განსაზღვრულ წლიურ გეგმას, მიუხედავად იმისა რომ 2014 წლისათვის დღეს არსებული საშემოსავლო გადასახადის 20 პროცენტიანი განაკვეთი მცირდება 15 პროცენტამდე, ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლების ზრდა განპირობებულია საქართველოში ეკონომიკური და სოციალური ფონის გაუმჯობესებით, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდას და სამეწარმეო სექტორის გააქტიურებას", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ბოლქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები და ფინანსური აქტივები 89 656,5 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.
2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 63 038,9 ათას ლარს შეადგენს, რაც 2009 წლის შესაბამის მაჩვენებელს 1 126,1 ათას ლარით აღემატება, 2009 წელთან შედარებით გადასახადის კატეგორიიდან მისაღები შემოსავლების ზრდა ძირითადად ეკონომიკურ ზრდას და ადმისტრირების გაუმჯობესებას უკავშირდება. რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახადების კუთხით ირიცხება მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი. 2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 2 300 ათას ლარს, რაც 2009 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1 775,8 ათასი ლარით ნაკლებია, რაც ძირითადად გამოწვეულია 2009 წლის განმავლობაში განხორციელებული ერთჯერადი გადახდებით.
2010 წელს არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები სახსრების საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 21 000 ათას ლარს, რაც 11 767,8 ათასი ლარით აღემატება 2009 წლის შესაბამის მაჩვენებელს. აღნიშნული სახსრების მობილიზება მთლიანად განხორცილდება სახელმწიფო და რესპუბლიკური საკუთრების ქონების რეალიზაციიდან. 2010 წელს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 89 656,5 ათასი ლარის ოდენობით, მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რესპუბლიკური ბიუჯეტი აღარ ღებულობს ფინანსურ დახმარებას, და რომელიც 2009 წელს შედგენდა 42 732 ათას ლარს, ადგილობრივი შემოსავლების რაციონალურად მართვის პირობებში შესაძლებელი გახდა დაფინანსებულიყო რეგიონისათვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორიცაა:
ადლიის სანაპირო ზოლის დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოები და სანაპირო ზოლის ნაპირდამცავი ღონისძებების პროექტირება 1 150,0 ათასი ლარი;
ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, სამელიორაციო და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოვლა-შენახვის ღონისძიებები 7 433,6 ათასი ლარი;
განათლების, კულტურისა და სპორტის ღონისძიებები 20 227,7 ათასი ლარი;
ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დაავადებათა პრევენციის ღონისძიებები 2 327,3 ათასი ლარი;
სოფლის მეურნეობაში განსახორციელებელი ღონისძიებები 1 522,2 ათასი ლარი;
ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 8 500,0 ათასი ლარი;
ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი ფინანსური დახმარება 4 282,4 ათასი ლარი;