ამიერიდან საავტორო უფლება სამსახურებრივ ნაწარმოებზე დამკვეთს ეკუთვნის. 2010 წლის 4 მაისს მოქმედ კანონში შევიდა ცვლილება და დადგინდა, რომ `საავტორო უფლება დავალების შედეგად შესრულებულ ნაწარმოებზე ეკუთვნის შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი." თუმცა შესაძლებელია, რომ მხარეები შეთანხმდნენ და საავტორო უფლება მიეკუთვნოს ავტორს ან ავტორთა ჯგუფს.
კანონმდებლობით, საავტორო უფლება ნაწარმოებზე, რომელიც ერთობლივი ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგად ორმა, ან ორზე მეტმა პირმა შექმნა, ერთობლივად ეკუთვნის თანაავტორებს.
საავტორო უფლების წარმოშობისათვის არ არის სავალდებულო არანაირი ფორმალობის შესრულება. საავტორო უფლებების მოქმედების ვადა ავტორის გარდაცვალებიდან 70 წელს შეადგენს. ხოლო არაქონებრივი უფლებები, პატივის, ღირსების დაცვა და ა.შ. დაცულია უვადოდ.
არსებული კანონმდებლობის ავტორმა თავისი უფლებების დაცვა უნდა მოახდინოს თვითონ. მას ან მის წარმომადგენელს უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს და მოითხოვონ: უფლების დამრღვევი ქმედების აკრძალვა; კონტრაფაქციული ასლების განადგურება; ზიანის ანაზღაურება და ა.შ.
ქონებრივი საავტორო უფლებები ნაწარმოებზე ეკუთვნის ნაწარმოების ავტორს ან მის უფლებამონაცვლეს. ნაწარმოების ავტორს უფლება აქვს გაასხვისოს იგი, ასევე გასცეს ლიცენზია. არაქონებრივი უფლებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორს და მისი უფლებების გასხვისება დაუშვებელია.
საქართველოში საავტორო უფლებით შესაძლებელია მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებების დაიცვა, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა და მოცულობისა.
ამჟამად, საქართველოში მოქმედებს 1999 წლის 22 ივნისის საქართველოს კანონი "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ", რომელიც დღეის მდგომარეობით, სრულ ჰარმონიზაციაშია საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და ევროკავშირის დირექტივებთან.
პასუხისმგებლობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის ასევე გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
საავტორო უფლებების დაცვის იდეა დაკავშირებულია გერმანელი მეცნიერის იოჰან გუტენბერგის მიერ 1450 წელს საბეჭდი მოწყობილობების გამოგონებასთან, რამაც შექმნა ტექსტისა და ილუსტრაციების სწრაფად, დიდი რაოდენობით გამრავლებისა და გავრცელების შესაძლებლობა.
პირველი აქტი საავტორო სამართლის სფეროში მიღებულ იქნა ინგლისში 1710 წელს.
საერთაშორისო დონეზე საავტორო უფლებების დაცვა XIX საუკუნის შუა პერიოდიდან სახელმწიფოთა შორის დადებული ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე დაიწყო.
1878 წელს ვიქტორ ჰიუგოს წინადადებით ჩამოყალიბდა ლიტერატურისა და ხელოვნების საერთაშორისო ასოციაცია ALAI- მიერ ორგანიზებული იქნა ორი საერთაშორისო კონფერენცია სადაც მიიღეს საერთაშორისო სამართლებრივი აქტის პროექტი.
საერთაშორისო აქტზე მუშაობა დასრულდა 1886 წელს ბერნში კონვენციის მიღებით, რომელიც საავტორო სამართლის სფეროში წარმოადგენს ძირითად კონვენციას. ბერნის კონვენცია გადასინჯულ იქნა რამოდენიმეჯერ
თავდაპირველად ბერნის კონვენციას ხელი მოაწერა 10-მა სახელმწიფომ ხოლო ამჟამად მისი წევრი ქვეყნების რაოდენობა 164-ს აღწევს. საქართველო ბერნის კონვენციას 1995 წლის 16 მაისს საბჭოთა კავშირის ვალდებულების გაგრძელებით შეუერთდა.