ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა გაიხსნა. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ჯანდაცვის მინისტრმა მიიღეს. გიორგი კვირიკაშვილმა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილი გაიხსენა და მედიცინაში მის ღვაწლზე ისაუბრა.
"გილოცავთ, ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს ასეთი თანამედროვე სტანდარტებით აწყობილი ჰოსპიტალი. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს განსაკუთრებული ადგილია და ატარებს ისეთი ღვაწლმოსილი ადამიანის სახელს, როგორიც გახლდათ ვახტანგ ბოჭორიშვილი. მე მხვდა წილად ვყოფილიყავი ერთი მოწვევის პარლამენტის წევრი ამ უდიდესს ადამიანთან ერთად და არასოდეს დამავიწყდება მისი სიბრძნე, გონებამახვილობა, იუმორის გრძნობა და ის განსაკუთრებული სიყვარული ადამიანების მიმართ, რომელიც მას ახასიათებდა. მოხარული ვარ, რომ ვხედავ დღეს აქ კლინიკაში ადამიანებს, რომლებმაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს და მინდა ქედი მოვიხარო თქვენს წინაშე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად ანვითარებს დღეს ჯანდაცვის სფეროს, ვინაიდან ეს არის ის პარტნიორობა, რომელმაც მოგვცა ის მოდელი, სადაც ყველა ადამიანს აქვს გარანტირებული ჯანდაცვა სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ, ეს არის "ევრობანკთან" ერთად განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტი,15 მილიონი ლარის ინვესტიცია არის მნიშვნელოვანი ინვესტიცია და კარგია, რომ აქ გვაქვს თანამედროვე აპარატურა“, -აღნიშნა პრემიერმა.