"ირანი აშშ-ის მიერ დაკისრებული სანქციებით არ დაზარალდება, ამით მხოლოდ ამერიკული კომპანიები იზარალებენ", - აცხადებს ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელი ალაედინ ბორუჯერდი. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ობამა შტატების სენატის მიერ შედგენილი სანქციების რეალიზებას მოახდენს, რომელიც ირანის წინააღმდეგ არის მიმართული, დიდ შეცდომას დაუშვებს. ირანელი პარლამენტარის სიტყვებს "სი-ენ-ენი", ირანულ სტუდენტურ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა სენატორებმა ირანის წინააღმდეგ სანქციათა ახალი პაკეტი მომზადეს, რომლის რეალიზაციაც პრეზიდენტ ობამას ხელმოწერის შემდეგ მოხდება. აღნიშნული სანქციები, იმ ამერიკული და საერთაშორისო კომპანიების მიმართულებითაა მიმართული, რომლებიც ირანთან ბუნებრივი აირის და ნავთობის ყიდვა-გაყიდვის ბიზნესს აწარმოებენ, ასევე ბანკების, რომლებიც ისლამურ სახელმწიფოს კრედიტებს აძლევენ. შეგახსენებთ, რომ ირანისა და აშშ-ის დაპირისპირების საგანს ირანის ბირთვული პროგრამა წარმოადგენს. მიუხედავად შეერთებული შტატებისა და მსოფლიო თანამეგობრობის წინააღმდეგობისა, თეირანი ურანის გამდიდრებას კვლავ აგრძელებს.