მოლდოვის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მიხაი გიმპუ უარს აცხადებს შეცვალოს თავისი ბრძანებულება "1940 წლის 28 ივნისის საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადების შესახებ".
გიმპუმ აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ მისმა კოლეგებმა მმართველი ალიანსიდან მხარი არ დაუჭირეს მის გადაწყვეტილებას და ბრძანებულების გამუქმება მოითხოვეს.
მან გააკრიტიკა კომუნისტები, რომლებიც 1940 წლის 28 ივნისს გათავისუფლების დღედ მიიჩნევენ.
"მე მესმის კომუნისტების, რომლეთათვისაც ყოველთვის უცხო იყო ამ სახელმწიფოს ინტერესები, მაგრამ არ მესმის კოლეგების ალიანსიდან ევროპული ინტეგრაციისთვის. ისინი ხან მოითხოვენ, რომ მოსკოვში ჩავიდე, ხანაც აღლუმებში მონაწილეობას მაძალებენ. უმჯობესია ისინი ისხდნენ წყნარად და მხარი დაუჭირონ ჩემს პოლიტიკას. ის სამართლიანია", _ განაცხადა გიმპუმ.
შეგახსენებთ, რომ მოლდოვაში 1940 წლის 28 ივნისი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. შესაბამის ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, პარლამენტის თამჯდომარემ მიხაი გიმპუმ მოაწერა
"არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ 1940 წლის 28 ივნისი, როდესაც საბჭოთა ჯარები ბესარაბიაში შევიდნენ, მოლდოვას ისტორიაში შავ თარიღს წარმოადგენს. შესაბამისად ეს დღე აღინიშნება, როგორც საბჭოთა ოკუპაციის დაწყების სევდიანი თარიღი", _ აღნიშნა გიმპუმ.
"მთავრობის შენობის წინ დაიდგმება კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალი. სწორედ ამ თარიღიდან _ 1940 წლის 28 ივნისიდან დაიწყო ჩვენი ხალხის ტრაგედია _ დეპორტაცია, ორგანიზებული შიმშილი, დენაციონალიზაცია. და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ეს", _ განაცხადა გიმპუმ.
ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმის ქმედებების შემსწავლელი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ვიაჩესლავ სტავილემ საბჭოთა ოკუპაციის შედეგად მიყენებული მოლდოვას ზარალი 28 მლრდ დოლარად შეაფასა. მან მოლდოვას ხელისუფლებას რუსეთისგან კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობის განხილვა შესთავაზა. მიხაი გიმპუს თქმით, ხელისუფლება აღნიშნულ საკითხს უახლოეს ხანებში შეისწავლის.