რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის იმპერიალისტური გეგმა უკრაინის დაპყრობით არ დასრულდება, ეს მხოლოდ მისი დასაწყისია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
„ჩვენ ყოველდღიურად და სულ უფრო ინტენსიურად ვაწყდებით ჰიბრიდულ რუსულ თავდასხმებს, მათ შორის ჩვენს ინფრასტრუქტურაზე“, - თქვა მან.
ამავდროულად, გერმანიის მთავრობის მეთაურმა მიუთითა „მოსკოვის პროვოკაციებზე ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვებში“, ასევე რუსეთის თავდასხმაზე კიევზე, რის შედეგადაც დაზიანდა ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა.
როგორც მერცმა აღნიშნა, ეს აჩვენებს, რომ მოსკოვმა „სასტიკად“ გაანადგურა „წესებზე დაფუძნებული წესრიგი, მსოფლიოს ევროპული არქიტექტურა“.
მისი თქმით, გერმანია „ისტორიული გამოწვევების წინაშე დგას“ „ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნის კუთხით, რომელიც რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს“.
„ის, რასაც ჩვენ ლიბერალურ მსოფლიო წესრიგს ვუწოდებთ, მრავალი მხარის ზეწოლის ქვეშაა, მათ შორის პოლიტიკური დასავლეთის მხრიდან“, - განმარტა მერცმა.
ფედერალურმა კანცლერმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ გერმანიის ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და ჩინეთთან მნიშვნელოვნად შეიცვლება მომდევნო წლებში.
„აშშ თავის ინტერესების გადაფასებას ახდენს და ეს ბოლო დღეებში არ დაწყებულა. ამიტომ, ჩვენ, ევროპაში, ასევე უნდა შევცვალოთ ჩვენი ინტერესები, ცრუ ნოსტალგიის გარეშე“, - აღნიშნა მერცმა.
ამავდროულად, მერცმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საკამათო სატარიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით, აუცილებელია ახალ სავაჭრო სისტემაზე მუშაობა.