დღეს მაიკლ ჯეკსონის თაყვანისმცემლები მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის თავს აღნიშნავენ. ჟეკსონის დის ლა ტოიას განცხადებით, მომღერალი ფულის გამო მოკლეს.
"გარდაცვლილი ის უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ცოცხალი", - განაცხადა ლატოიამ.
გასულ კვირას მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯეკსონის (მისი მემკვიდრეების), ქონება ერთი მილიარდი დოლარით გაიზარდა. მისი საცხოვრებელი სახლის ფასი კი 250 მილიონი დოლარით გაიზარდა. უნდა აღინიშნოს, რომ მომღერლის ალბომებიდან შემოსავალმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 400 მილიონი დოლარი შეადგინა.
ჯეკსონის მემკვიდრეები შემოსავალს იღებენ მომღერალთან დაკავშირებული სხვადასხვა ლიცენზიების გაყიდვით. კერძოდ, მისი კუთვნილი საავტორო უფლებების რეალიზაციიდან.
დღეისთვის დადასტურებულადაა ცნობილი, რომ უახლოესი 7 წლის განმავლობაში კომპანია "სონი" მომღერლის 7 ალბომს გამოუშვებს.
ჟურნალ "ფორბსის" ინფორმაციით, მაიკლ ჯეკსონი შესაძლოა ყველაზე მდიდარ გარდაცვლილად იქცეს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჯეკსონის კლიპი "თრილერი" გენესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც მსოფლიოს პოპ კულტურაში ყველაზე წარმატებული კლიპი, ხოლო ყველაზე ძვირადღირებულად კი დასახელებულია მისი კლიპი "ყვირილი" რომელიც 7 მილიონი დოლარი დაჯდა. 1995 წელს ამ კომპიზიციამ ემ-ტი-ვის 11 ნომინაცია დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ კარენ ფეი, რომელიც 21 წლის განმავლობაში ჯეკსონის მეგობარი და პირადი გრიმიორი იყო მომღერლის გარდაცვალების საკუთარ ვერსიაზე საუბრობს.
მისი თქმით, მომღერალს ჰქონდა რომანი თავის მოსამსახურესთან და ბავშვების ძიძასთან გრეის რაუარამბოსთან, რომელმაც "მაიკლი ნარკოტიკებზე შესვა".
"იგი მასზე შეყვარებული იყო და მაიკლთან სხვა ქალებს არ უშვებდა, მაგრამ ყველაზე ცუდი იყო ის, რომ იგი მაიკლს მეგობრებისა და ოჯახისგან შორს ამყოფებდა. ნაიკლის გარდაცვალების შემდეგ ძიძა დაითხოვეს, მაგრამ ამჟამად მაიკლის დედამ გრეისი კვლავ დააბრუნა ბავშვების მომვლელად და მე ეს საშუნელებად მიმაჩნია... ეს სწორედ ის ძიძა-მოსამსახურეა, რომელმაც ექიმებთან მოკავშირეობით მაიკლი საფლავში ჩაიყვანა" - განაცხადა კარენ ფეიმ.
შეგახსენებთ, რომ პოპ მუსიკის მეფე მაიკლ ჯეკსონი 2009 წლის 25 ივნისს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯეკსონი ძლიერმოქმედი პრეპარატების ზედმეტი დოზის მიღების გამო დაიღუპა.