ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივა კახეთში სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის დაზუსტებას შეეცადა.
წინასწარი ინფორმაციით, 19 - 24 ივნისის ჩათვლით სტიქიამ კახეთს მინიმუმ 10 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. წყალდიდობის შედეგად, რეგიონის 20-მდე სოფელში დანგრეული და დაზიანებულია სასმელი წყლის სათავე ნაგებობები, 100-მდე სოფელში მწყობრიდან არის გამოსული შიდა საუბნო და სავარგულებთან მისასვლელი გზები, დატბორილია საცხოვრებელი სახლები და სასოფლო - სამეურნეო ნაკვეთები. თელავის, ახმეტისა და გურჯაანის რაიონებში დაისეტყვა მოსავალი. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში და ილტოს ხეობაში მეწყერი ჩამოწვა. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი.
სტიქიამ კახეთში ყველაზე მეტად ყვარლის, გურჯაანის, თელავის და ახმეტის რაიონები დააზარალა.
წყალდიდობის შედეგად, ყვარლის რაიონის სოფელ ალმატში, სასმელი და სარწყავი წყალგაყვანილობის სისტემა მთლიანად მოიშალა. სოფელ საბუეში სტიქიამ სასმელი წყლის სათავე ნაგებობა დააზიანა და მოსახლეობის ნაწილი წყალმომარაგების გარეშეა დარჩენილი. ამავე სოფელში დაზიანდა მდინარე ხერხმელაზე არსებული ხიდი. მასზე მიმოსვლა ფაქტობრივად შეუძლებელია და ე.წ. გორისძირის უბნის მოსახლეობა სოფელს მოწყვეტილია. ყვარელში, გურამიშვილის ქუჩაზე, 2700 მეტრზე დაზიანდა მაგისტრალური წყალსადენი, მთლიანად გამოვიდა მწყობრიდან მაგისტრალური მილი, რომლის საშუალებითაც ქალაქ ყვარლის მოსახლეობა სასმელი წყლით მარაგდება.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ლევან გამსახურდიას განცხადებით, სოფელ ენისელში, ყვარელი - თელავის ავტომაგისტრალზე, მდინარე ინწობაზე, საავტომობილო ხიდის დამცავი კედელი, რომელიც სტიქიამ გასულ წელსაც დააზიანა, წყალდიდობისგან კვლავ იშლება და გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებს. მისივე თქმით, საფრთხის წინაშეა სოფელ საცხენეს მოსახლეობა.
„სოფელ საცხენეში, მდინარე შოროხევზე საჭიროა ნაპირსამაგრი სამუშაოების სასწრაფოდ ჩატარება. სოფელ ენისელში დაზიანებულია და სასწრაფო გამაგრებას საჭიროებს მდინარე ინწობის ნაპირდამცავი დამბები. ადიდებული წყალი დაზიანებული ადგილებიდან გაედინება და სასოფლო სამეურნეო სავარგულებს ტბორავს. ყვარელში, მდინარე დურუჯის ნაპირდამცავი დამბები რამდენიმე ადგილზეა დაზიანებული, სულ 2 კილომეტრზე და და აზიანებს სასოფლო - სამეურნეო სავარგულებს. ყვარელში ასევე საჭიროა არიხაურის არხის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება, რომელიც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, აზიანებს მათ კუთვნილ სახოვრებელ სახლებს და სასოფლო - სამეურნეო სავარგულებს", - განაცხადა ლევან გამსახურდიამ.
მეწყერმა საფრთხე შეუქმნა თელავის რაიონში, მდინარე მღვრიეს ხეობაში თბილისი - გომბორი - თელავის რეაბილიტირებული გზის მონაკვეთს. ასევე, დააზიანა სასმელი წყლის მაგისტრალური მილსადენი, რის გამოც ქალაქ თელავს სასმელი წყლით მომარაგების პრობლემა შეექმნა. ამჟამად ქალაქის წყალმომარაგება ორი სეზონური ჭაბურღილის მეშვეობით ხორციელდება, რომელიც წყლის მთლიან დეფიციტს ვერ ავსებს. „მეწყერი კვლავ აქტიურია და ისევ უქმნის საფრთხეს მილსადენს და საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრს. ინტენსიური წვიმების შედეგად ადიდებულმა წყალმა მდინარე დოლიაურის ხევში მთლიანად დაანგრია სოფელ ქვემო ხოდაშენის სასმელი წყლის სათავე ნაგებობა. სათავე ნაგებობის ადგილზე წარმოშობილია ღრმა ფლატე, რომელიც გადავსებულია ტყიდან მოგლეჯილი მრავალწლიანი ნარგავებით. ამჟამად სოფლის მოსახლეობის 60% სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი", - აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვასილ დავითაშვილმა.
თელავის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გია არსენიშვილის განცხადებით, „შესაძლებელია თელავის 40 ათასი მაცხოვრებელი გარკვეული დროის განმავლობაში ისევ წყლის გარეშე დარჩეს".
დაზიანდა მაღალმთიან სოფლებში გამავალი ელექტროენერგიის გადამცემი ბოძები. საფრთხე შეექმნა მდინარე მღვრიეზე არსებულ 50 მეტრიან ხიდს, რომლის გაბიონსაც მეწყერი მოადგა.
ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოტანილი ინერტული მასალებით, მთლიანად სავსეა, საგარეჯოში, მდინარეების „თვალთხევის" და „წიფლისხევის" კალაპოტები.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის გია ჩალათაშვილის თქმით, საჭიროა მდინარე „წიფლისხევის" კალაპოტის 800 მეტრიანი მონაკვეთის სასწრაფოდ გათავისუფლება ინერტული მასალისგან და მისი მინიმუმ 2 მეტრით დაღრმავება.
„სამუშაოთა სავარაუდო ღირებულება შეადგენს 300 000 ლარს. აგრეთვე საჭიროა მდინარე „წიფლისხევზე" არსებული დაზიანებული ჯებირების აღდგენა, რომლის სავარაუდო ღირებულებაა 50 000 ლარი. მდინარე „თვალთხევის" კალაპოტი ინერტული მასალით ისეა სავსე, რომ გზის სავალ ნიშნულს გაუტოლდა. კალაპოტი მთლიანად გასაწმენდია. სამუშაოთა სავარაუდო ღირებულება შეადგენს 100 000 ლარს. მდინარე „თვალთხევზე" მოსალოდნელი სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, მოხდეს კალაპოტის გაბიონებით გამაგრება, განსაკუთრებით სათავე ნაგებობის დაცვის მიზნით, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 150 000 ლარს შეადგენს", - ამბობს საგარეჯოს გამგებელი.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტიქიური პროცესების შემსწავლელმა სპეციალურმა კომისიამ შეისწავლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლების მანავის, უჯარმის, პატარძეულისა და გომბორის ტერიტორიაზე განვითარებული მეწყრული პროცესებით გამოწვეული საშიშროებები. სპეციალისტების გაანგარიშებით, სოფელ პატარძეულში კომპლექსური ჰიდროგეოლოგიური და საინჟინრო გეოლოგიური საძიებო კვლევითი სამუშაოების განხორციელებისა და საკვლევ უბანზე გადატენიანება - დაჭაობების პროცესების აღმოფხვრის მიზნით, საჭიროა 100 000 ლარი.
ადიდებული ხევებიდან წამოსული ღვარცოფის შედეგად ახმეტის რაიონში დაზიანდა სოფელ დედისფერულთან მისასვლელ გზაზე არსებული რკინა - ბეტონის ბოგირი, სოფელ ომალოში კი სასმელი წყლის სათავის კომპლექსური ნაგებობა.
სოფლებში ყვარელწყალი, დუისი, ჯოყოლო და ომალო - დაიტბორა 120 საცხოვრებელი სახლი და 700 ჰა სასოფლო - სამეურნეო სავარგული. დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ზარალმა 1 200 000 ლარი შეადგინა.
ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელია სიღნაღში, სარაჯიშვილის ქუჩაზე, წნორში - არსენას ქუჩაზე. ერეკლე II-ს ქუჩაზე მეწყერის გამო მონგრეულია ახლადგაკეთებული მოაჯირი.
გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში ქარმა დააზიანა კულტურის სახლის სახურავი. სასმელი წყლის სათავე ნაგებობები დაზიანდა ვაზისუბანში, ახაშენში, ჯიმითში, ბაკურციხეში, ნანიანში, კალაურსა და ვაჩნაძეანში. ჭერმის ხევში წყლის ადიდების გამო, სოფელი ჭერემი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. რაიონულ ცენტრს არის მოწყვეტილი ილტოს ხეობის სოფლებიც - ჭართალა, ვეძები, ნადუქნარი, შახვეტილა და საბუე.
24 ივნისის სტიქიის შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში 300-მდე ოჯახი დაზარალდა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები. ყველაზე მძიმე მდგომარეობა გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენშია. შიდა საუბნო გზები ქვა - ღორღით არის სავსე. დაიხოცა შინაური ფრინველი.
სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი სოფლები: კაჭრეთი, ნანიაანი და ბაკურციხე, სადაც ნიაღვარმა სათავე ნაგებობები დააზიანა. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, მნიშვნელოვნადაა დაზიანებული კაჭრეთის სასმელი წყლის სისტემა. წაღებულია მილები კილომეტრების სიგრძეზე. ადიდებული ხევებიდან გადმოვარდნილმა წყალმა სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.
რამდენიმე დღეა რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ჟანა დიდებაშვილის განმარტებით, ენერგოკომპანია დაზიანებების აღმოფხვრას ვეღარ აუდის.