სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დადგენილი და დაკავებული იქნენ: 1962 წელს დაბადებული, თენგიზ ლექვინაძე და ტურისტული სააგანტოს "ვიქტორია-თრეველ-2007-ის ხელმძღვანელი 1964 წ.დ ზაზა ფართლაძე.
სამართალდამცავების განცხადებით, აღნიშნულმა პირებმა გასაღების მიზნით დაამზადეს და გაასაღეს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის "XXI საუკუნე"-ს სახელით დამზადებული, სამუშაო ადგილისა და ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობები საქართველოს 40 მოქალაქეზე, რათა ამ უკანასკნელებს აღნიშნული ცნობების გამოყენებით მიეღოთ შენგენის ქვეყნების ვიზები.
სამართალდამცავების განცხადებით, ასევე დაკავებულია აღნიშნულ დანაშაულში ეჭვმიტანილი, წყალტუბოს რაიონის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის და განათლების სამსახურის უფროსი, 1954 წ.დ ლილი გელენიძე.
დაკავებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაული. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 332-ე მუხლებით გამოძიებას აწარმოებს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო.