რუსეთი ყირგიზეთის სამხრეთით ახალი სამხედრო ბაზის შექმნას აპირებს. ამის შესახებ "ნეზავისიმაია გაზეტა" რუსეთის გენერალური შტაბის წყაროზე დაყრდნობით იუწყება. დიმიტრი მედვედევმა აღნიშნული საკითხის განხილვა თავდაცვის მინისტრს ანატოლი სერდიუკოვს დაავალა. უახლოეს დღეებში მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება.
ახალი ბაზის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზეზად გენერალური შტაბის სადაზვერვო სამმართველოს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები სახელდება. რუს ანალიტიკოსთა აზრით, ყირგიზეთში მუდმივმა არასტაბილურობამ, შესაძლოა, მისი დაშლა და მესამე ძალის პროტექტორატის ქვეშ გადასვლა გამოიწვიოს.
რუსული მხარე სამხედრო ბაზის განთავსების აუცილებლობისთვის ნარკოტრაფიკის გაძლიერების საბაბსაც იყენებს. რამდენიმე ხნის წინ აღნიშნული საკითხი ნარკოტიკების ბრუნვის კონტროლის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა წამოსწია. მისი თქმით, ავღანეთიდან ნარკოტრაფიკთან ბრძოლისათვის რუსეთმა ყირგიზეთში კიდევ ერთი სამხედრო ბაზა უნდა შექმნას. მისივე თქმით, ქვეყნის სამხრეთით, მომხდარ შეტაკებებთან დაკავშირებული არიან ექსტრემისტული მოძრაობა "უზბეკეთის" ნარკობარონები.
რუსეთს ყირგიზეთში უკვე აქვს ერთი სამხედრო ბაზა, რომელიც კანტშია განთავსებული და კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის საჭიროებისათვის გამოიყენება.