აშშ-მა დოკუ უმაროვი უცხოელი ტერორისტების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის საკითხებში ფილიპ ქროულიმ განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო მდივნმა ჰილარი კლინტონმა მიიღო გადაწყვეტილება დოკუ უმაროვი შეყვანილ იქნას შავ სიაში, რის საფუძველსაც მას აძლევს აშშ-ის პრეზიდენტის ნომერ 13 224 განკარგულებით განსაზღვრული უფლებამოსილება.
ქროულის განცხადებით, ჰილარი კლინტონის აღნიშნული გადაწყვეტილება პირველ რიგში ხელს შეუწყობს უმაროვისთვის ფინანსური და სხვა სახის დახმარებების შეზღუდვას.
ამავდროულად ქროულმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი წარმოადგენს მხოლოდ ერთ ფაზას აშშ-ს ხელისუფლების პასუხისა იმ საფრთხეზე, რომელსაც დოკუ უმაროვი წარმოადგენს.
"უმაროვის წინააღმდეგ ეს ქმედებები განამტკიცებს აშშ-ის ძალისხმევას, რომ შეასუსტოს მისი შესაძლებლობები და კონტროლი დაჯგუფება "კავკასიურ ემირატზე". ჩვენ მოწოდებული ვართ მოხდეს ამ დაჯგუფების შესაძლებლობების ლიკვიდირება და ასევე განადგურდეს უმაროვის ქსელი", - განაცხადა ფილიპ კროულმა.
კროულმა თავის განცხადებაში ასევე აღნიშნა, რომ უმაროვმა საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა 2009 წელს "ნევის ექსპრესის" აფეთქების გამო, რომლის შედეგადაც 28 ადამიანი დაიღუპა და მიმდინარე წლის მარტში მოსკოვის მეტროში მომხდარი ტერორისტულ აქტზე რომელმაც 40 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
როგორც აშშ-ს ოფიციალური პირები აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება არის პირდაპირი პასუხი იმ საფრთხეზე, რომელსაც წარმოადგენს უმაროვი აშშ-სა და რუსეთისთვის.
"ჩვენ რუს ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ და ვგმობთ ტერორისტულ აქტებს", - განაცხადა ობამას ადმინისტრაციის კორდინატორმა ტერორიზმთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში დენიელ ბენჯამინმა.
# 13 224 განკარგულებას ჯორჯ ბუშმა 2001 წლის 23 სექტემბერს ნიუ იორკში მომხდარი ტერაქტის შემდეგ მოაწერა ხელი. განკარგულება ითვალისწინებს ცალმხრივი ეკონომიკური და სხვა სახის სანქციებს იმ პირების მიმართ, რომელთა წინააღმდეგაც ხორციელდება მისი მოქმედება.