“აიპლუსს” “აიტექნიკის” სასარგებლოდ 856 000 ლარის გადახდა დაეკისრა. როგორც “აიტექნიკის” განცხადებაშია აღნიშნული, „აიპლუსი“ 6 წლის განმავლობაში ცდილობდა „აიტექნიკის“ იმიჯის შელახვას.
„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 08 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს “აიტექნიკის” სარჩელი და მოპასუხე შპს “აიპლუსს” მიყენებული ზიანის ანზღაურების სახით დაეკისრა 856 000 ლარის გადახდა.
იმისათვის, რომ შპს “აიპლუსის” მიერ არ მოხდეს საზოგადოების დეზინფორმირება და საზოგადოებას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია გვინდა განვმარტოთ თუ რას ეფუძნება შპს „აიტექნიკის“ მოთხოვნები. ეს გახლავთ სამი მოთხოვნა:
- შპს “აიპლუსმა” აიტექნიკის მაღაზიათა ქსელის გახსნიდან რამდენიმე დღეში შექმნა ვებ გვერდი itechnics.ge
- . სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ შპს ,,აიპლუსი” ამ გვერდს იყენებდა აიტექნიკის იმიჯის შელახვისა და დისკრედიტაციისთვის. ვებ გვერდზე წლების განმავლობაში განთავსებული იყო უნიტაზების ფოტოები სლოგანით: “აიტექნიკსი, თქვენი მეგზური უნიტაზების სამყაროში”.
2016 წლის მარტში ფეისბუქ სივრცეში გამოჩნდა გვერდი “iTechnics Georgia”, რომელსაც ჰქონდა კომპანიის ოფიაციალური გვერდის იდენტური დასახელება “შ”-ის დამატებით და ყველა სხვა მონაცემი, რაც მომხმარებელს უქმნიდა წარმოდგენას, რომ ეს იყო კომპანია აიტექნიკის ოფიციალური გვერდი. აღნიშნულ გვერდზე თავსდებოდა შპს ,,აიპლუსის” მფლობელობაში არსებული საიტის იდენტური ინფორმაციები. ინფორმაცია თითქოს, კომპანია აიტექნიკი მომხმარებელს სთავაზობდა ხანძრის შედეგად დასველებულ და შემდგომ ბრინჯში გამშრალ ტექნიკას, რასაც ძალიან დიდი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა ფეისბუქ მომხმარებლის მხრიდან და ზიანი მიადგა კომპანია აიტექნიკის საქმიან რეპუტაციას. აღნიშნული დასახელებით ფეისბუქ გვერდი დღესაც არსებობს და ფუნქციონირებს , საქმეში არის უამრავი მტკიცებულება, რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ აღნიშნული ფბ-გვერდიც სწორედ კომპანია “აიპლუსის” მიერ შეიქმნა და იმართებოდა.
- ასევე, შპს “აიპლუსმა” 2015 წლის ნოემბერში ორგანიზება გაუწია კომპანია აიტექნიკის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის გაუქმებას, კერძოდ, განახორციელა გვერდის მასიური “რეპორტინგი” და საპრეტენზიო წერილების დაგზავანა, რასაც მოჰყვა კომპანიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის გაუქმება.
როგორც აღვნიშნეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა ვგეგმავთ მის გასაჩივრებას ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ის ზიანი, რაც კომპანია აიპლუსის მხირდან წლების განმავლობაში მოგვადგა ვერ იქნება სრულად ანაზღაურებული მისთვის 856,000 ლარის დაკისრებით.
შპს „აიპლუსი“ 6 წლის განმავლობაში ცდილობდა „აიტექნიკის“ იმიჯის შელახვას და ავრცელებდა დისკრედიტაციულ ინფორმაციებს ინტერნეტსივრცეში. ამ კომპანიის მიზანს წარმოადგენდა ბაზრიდან გაეძევებინა ერთადერთი დამოუკიდებელი კომპანია და დაემყარებინა მონოპოლიური მდგომარეობა.
დამატებით შეფასებებსა და კომენტარებს მას შემდეგ შემოგთავაზებთ, რაც ჩაგვბარდება სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება“, აღნიშნულია „აიტექნიკის“ განცხადებაში.