24 ივნისს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტთა დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დასრულდება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდა როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ქართულმა მხარემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტების დელეგაციას კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოიპოვა 2008 წლის აგვისტოში რუსული სამხედრო აგრესიის დროს ჩადენილი სამართალდარღვევების გამოძიების პროცესში; კერძოდ, რუსი სამხედროებისა და მათ კონტროლ ქვეშ მყოფი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების, მკვლელობებისა და ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე, ქართული სოფლების მიზანმიმართულ განადგურებაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან ათიათასობით ქართველის გამოდევნასა და ეთნიკური ნიშნით ჩადენილ სხვა ძალადობრივ დანაშაულებზე.
ქართული მხარის შეხვედრები პროკურორის ოფისთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ინფორმირება რეგულარულ ხასიათს ატარებს. 2010 წლის მარტში კი საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ჰააგაში გამართულ შეხვედრაზე პირადად მიაწოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ლუის მორენო ოკამპოს ინფორმაცია რუსული აგრესიის დროს მომხდარი სამართალდარღვევების, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმდინარე სამართალდარღვევების შესახებ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, რომელიც კოორდინაციას უწევს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან თანამშრომლობას, მიესალმება დელეგაციის ვიზიტს საქართველოში.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტთა დელეგაცია საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 22 ივნისს ეწვია.