ოფიციალური თეირანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში აშშ-ის სამშვიდობო ძალების შესაძლო განლაგების კატეგორიული წინააღმდეგია. ამის შესახებ სომხეთში ირანის ელჩმა სეიედ ალი საგაიანმა განაცხადა.
"სამშვიდობო ძალების დისლოცირების შესახებ საუბარი ჯერ ნაადრევია, რამდენადაც პროცესი ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობს. თუმცა ზოგიერთი მონაცემით, ამერიკელი სამშვიდობოები, შესაძლოა, ფიზულში განთავსდნენ", _ განაცხადა საგაიანმა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, აღნიშნული ცნობები არაოფიციალური წყაროებით გავრცელდა. "მაგრამ დღეისათვის ირანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც კონფლიქტის ზონის მეზობლად მდებარეობს და ბუნებრივია, თავის ეროვნულ უსაფრთხოებას დაიცავს", _ განმარტა საგაიანმა.
"ამ თვალსაზრისით ირანი სტაბილურობის დამყარებითაა დაინტერესებული", _ განაცხადა ირანელმა დიპლომატმა. მისი თქმით, ირანმა, შესაძლოა, საუკეთესო როლი შეასრულოს კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.