საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტთა ოთხკაციანი დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდა, როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით, დღეს მთავარ პროკურატურაში ზაზა ქაჩიბაიამ კომენტარი გააკეთა.
მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის, ზაზა ქაჩიაბაის განცხადებით, ქართულმა მხარემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ექსპერტების დელეგაციას კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მოიპოვა 2008 წლის აგვისტოში, რუსული სამხედრო აგრესიის დროს ჩადენილი სამართალდარღვევების გამოძიების პროცესში; კერძოდ, რუსი სამხედროებისა და მათ კონტროლ ქვეშ მყოფი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების, მკვლელობებისა და ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევის ფაქტებზე.
"განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერეაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ ეთნიკურ წმენდაზე, ქართული სოფლების მიზანმიმართულ განადგურებაზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლებიდან ათიათასობით ქართველის გამოდევნასა და ეთნიკური ნიშნით ჩადენილ სხვა ძალადობრივ დანაშაულებზე", - განაცხადა ქაჩიბაიამ.
მისივე თქმით, ქართული მხარის შეხვედრები პროკურორის ოფისთან და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ინფორმირება რეგულარულ ხასიათს ატარებს.
"2010 წლის მარტში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ჰააგაში გამართულ შეხვედრაზე პირადად მიაწოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს ლუის მორენო ოკამპოს ინფორმაცია რუსული აგრესიის დროს მომხდარი სამართალდარღვევების, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიასა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმდინარე სამარათალდარღვევების შესახებ", - აღნიშნა ქაჩიბაიამ.
სისხლის სამართლის საერთაშორისო ექსპერტთა დელეგაცია საქართველოს ხვალ, 24 ივნისს დატოვებენ.