ავღანეთში მისიით მყოფი აშშ-ის მარალჩინოსანი გენერალი სტენლი მაკკრისტალი ჟურნალ Rolling Stones -ისთვის მიცემული ინტერვიუს გამო ბოდიშს იხდის. გენერლის განცხადებით, აზრადაც არ გაუვლია ამერიკელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატებისთვის შეურაცხყოფის მიყენება და წუხს, რომ ჯამში ასე გამოვიდა. ამერიკელი გენერლის განცხადებას "ბი-ბი-სი" აქვეყნებს.
ცნობისათვის, Rolling Stones -ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მაკკრისტალმა კრიტიკული განცხადებები გააკეთა ავღანეთში შტატების ელჩზე კარლ ეიკენბერზე, დამცინავად მოიხსენია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკმაყოფილება გამოხატა პრეზიდენტ ობამას პოლიტიკის გამო.
იმავე ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ფიქრობს იგი ჯო ბაიდენზე, მაკკრისტალი პასუხობს, რომ მან საერთოდ არ იცის, ვინ არის ჯო ბაიდენი. მაკკრისტალი უკმაყოფილებას გამოხატავს ბარაკ ობამას პოლიტიკის გამო და აღნიშნავს, რომ ობამა ავღანეთში დისლოცირებული ჯარებისთვის განკუთვნილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს. მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ჯონსს მაკკრისტალი "მასხარას" უწოდებს, ხოლო ინტერვიუს ჩაწერის პროცესში რიჩარდ ჰოლბრუკისგან მიღებული ელექტრონული წერილის ნახვა კი საერთოდ არ უნდა.
ღოლლინგ შტონეს-ში გამოქვეყნებულ ამერიკელი გენერლის ინტერვიუს უკვე გამოეხმაურა ნატოს პრეს-სპიკერი ჯეიმს აპატურაი და ხსენებულ ინტერვიუს "უადგილო" უწოდა, თუმცა მისივე თქმით, ალიანსის გენერალური მდივანი მაკკრისტალს სრულად ენდობა და მის სტრატეგიას მხარს უჭერს.
თეთრი სახლის განცხადებით კი, მაკკრისტალმა მიიღო ბრძანება მონაწილეობა მიიღოს (სატელეფონო კონფერენციის სახით მაინც) ყოველთვიურ შეხვედრაზე, რომელიც ავღანეთისა და პაკისტანის საკითხებს ეხება.