ლაგოდეხის, ყვარლის და ახმეტის რაიონების სამოცამდე სოფელი სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი. სტიქიის შედეგად ზოგიერთ სოფელში სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და სისტემა დაზიანდა, ზოგან კი საერთოდ განადგურდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, წყალდიდობის შედეგად ადიდებულმა მდინარე ილტომ მნიშვნელოვნად დააზიანა სათავე ნაგებობა, საიდანაც სასმელი წყლით ქალაქ ახმეტის მოსახლეობა მარაგდებოდა. ყვარელში მდინარე ბურსამ ასევე სერიოზულად დააზიანა სასმელი წყლის მაგისტრალი.
ადგილობრივი გამგეობების ცნობით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც წყლის დონე დაიკლებს. კახეთში ამ დროისთვის აღარ წვიმს.