ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (მაგატე) ორ ინსპექტორს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალი აკბარ სალეხმა განაცხადა.
მისი განცხადებით, მაგატეს ორ თანამშრომელს ირანის ტერიტორიაზე შესვლა თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო აეკრძალა. სპეციალისტებს მონაწილეობა ირანის ბირთვული ობიექტების მორიგ შემოწმებაში უნდა მიეღოთ.
2010 წლის დასწყისში ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა განაცხადა, რომ თეირანი 20 პროცენტამდე გამდიდრებულ ურანს დამოუკიდებლად აწარმოებდა. თეირანმა ასვე განაცხდა ურანის გამდიდრებისთვის ათი ახალი ქარხნის აშენების შესახებ.
აშშ და დასავლეთის ქვეყნები ირანს მშვიდობიანის ატომის საფარქვეშ ბირთვული იარაღის წარმოებაში ადანაშაულებენ. თეირანი ყველა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიან ხასიათს ატარებს.
დასავლეთმა ირანი იმის გამო დაადანაშაულა, რომ მას ბირთვული საკითხის გადაჭრის სურვილი არ გააჩნდა. ამ ფაქტორმა აშშ აიძულა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოსულიყო.
იმის გამო, რომ ირანმა ურანის გასამდიდრებელი სამუშაოების დახურვაზე უარი განაცხდა, ივნისის დასაწყისში გაეროს უშიშროების საბჭომ მის მიმართ ახალი სანქციები დააწესა.